ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

39. ვაზირთა ჰკადრეს: “მეფეო, რად ჰბრძანე თქვენი ბერობა? ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა: მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა, მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა ვითამცა ჰკადრა მტერობა?!”

40. “მაგას ნუ ჰბრძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია, თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია: ხამს განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია; სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია”.

41. “თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია; არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია; შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია; ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”.

42. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა, საროსა მჯობი, ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა, ჯერ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა; მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა.

43. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; რა მოშორდის, ვერ მჭვრეტელმან ვარდი შეჰქმნის ფერ-ნაკლულად; ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად. საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

44. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა, ავთანდილს მიხვდა სიამე, ვსება სჭირს მას აქ ალისა; თქვა: “ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა, ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!”

45. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან: “თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან: მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან. მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!”

46. მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი გამრავლდა ხასისა, ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა, ვაზირი სოგრატ – მოახლე მეფისა დასთა დასისა; მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: – “უთქმელია ფასისა!”

47. თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა, დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა; მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა. ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა.

48. უკუდგეს და თაყვანის-სცეს მეფემან და მისთა სპათა, დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა, ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა; ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.

49. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა, ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა; მეფე სწვრთის: “მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა, ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა”.

50. უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი: დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი. აქათგან ესე სამეფო მართ შენია მონდობილი, ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!”

51. “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების! უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების. უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების”.

52. “მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია; უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია; სმა-ჭამა, – დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?! რასაცა გასცემ - შენია, რას არა - დაკარგულია!”

53. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა; მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა; თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.

54. მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი, უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი, მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი”. მოართვეს. გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

55. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა, რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა. მერმე ბრძანა: “ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა, ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა”.

56. უბრძანა: “წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!” მოიღეს: გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია. ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.

57. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა, მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა, რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა; არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

58. დღე ერთ გარდახდა; პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა, ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა; მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა. “ნეტარ რა უმძიმს, რა სჭირსო?”, შექმნეს ამისი ცილობა.