ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

196. მოეგონის მისი მკვლელი, შეეყარის ხორცთა თრთოლა დახვდის მხეცი ფიცხლად მოკლის, არ შეზარდის მისგან ყოლა. “შენგან კიდე, მზეო ჩემი შეუძლია ვისმცა ბრძოლა! მოგშორდი და გამომაგდე ოხრად დამრჩეს სპათა ყოლა.”

197. მოეგონის სიყვარული გაუახლდის ცეცხლი ალთა. ჰე, სოფელო, შეგებრალდე, ნუ სჯი ბედსა შესაწყალთა! შემოქმედო, მიმაბრუნვე, რომელი სცნობ იდუმალთა!” ესე თქვა და სისხლის ცრემლი გარდმოსეტყვეს მელნის თვალთა.

198. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა, გულსა უთხრის თუ: “დათმეო”, ამად არ დია ბნდებოდა. უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა, მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა, მათ თანა ემოყვრებოდა.

199. იგი, პირად მზისა მსგავსი, ერთობ სრულად მოვლის ხმელთა ქვეყანათა უნახავთა, ოხერთა და კაცრიელთა; არ დააგდებს უნახავად წყალთა, კლდეთა, ტყეთა, ველთა; მაღრიბს ჰკითხავს მაღრიბელსა, რომს, ჩინელთა მაჩინელთა.

200. მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად. უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად. თქვის: “საყვარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვთქვა ვისად! შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”.

201. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა, ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არ იარა; მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა, ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

202. მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა; იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა, დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.

203. მას მიხვდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა, გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა; მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა, ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

204. ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს; თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს; “ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს! – კვლავ ამისთვის გულმოშიშობს, – “ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”.

205. საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად, თქვა: “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად, მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?”

206. “თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი, რომელსა ვეძებ, ვერა ვცნენ ამბავნი მე მისთანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, შერჩეს ღაწვისა ბანანი, მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი!”

207. “უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული; მათ შეჰქმნან გლოვა-ტირილი, ჰქმნან საქმე გამწარებული; მერმე მივიდე ცოცოხალი, სხვაგან მე სადმე რებული!” ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.

208. თავს უთხრა:” მოჰკვე, გიჯობს სიცოცხლე აუგიანსა; მიხვალ, დაგხვდების თინათინ, – ანათებს დღესა მზიანსა გკითხოს მის მზისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა?” იგონებს წამ-წამ, მიჰყვების ტყის პირსა შამბნარ-წყლიანსა.

209. იტყვის: “ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ? მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ, გულით ჩემით სიხარულნი აღფხვრენ, ჭირნი დააბუდენ? დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერა ოდეს დავიყუდენ”.

210. კვლაცა იტყვის: “დათმობა სჯობს” და თავსავე ეუბნების: “დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, განგებასა ვერვინ შესცვლის, არ საქმნელი არ იქმნების”.

211. “ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან; უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან, აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან?

212. მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია; მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია: გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია, ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.

213. მობრუნება დააპირა, სულთქნა, მერმე ივაგლახა, მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა; “თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა, მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

214. თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით-ა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა, ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა, შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

215. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს; ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მივიდოდეს; თქვა თუ: “ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს! აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს.