ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

118. თუ ცუდი რამე გინახავს, მაცთური ანუ ქაჯია, ამისთვის მეფე რად სჭმუნავ, ანუ რად გაისაჯია? სიტკბოსა ნაცულად ღმრთისაგან სიმწარე რად გიაჯია მასვე ევედრე მოასხი ყოვლი მუყრი და აჯია

119. “მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი, შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი, გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი, ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”.

120. თუ ყოფილა იგი მოყმე ხორციელი ხმელთა მვლელად მას ნახვიდა სხვაცა ვინმე, გამოჩნდების მასწავლელად თვარა ეშმა გჩვენებია ლხინთა შენთა შეცამშლელად სევდისაგან მოიცალეთ რად შექნილხართ მოუცლელად

121. როსტენს სიტყვა ასულისა მოეწონა ეკეთაცა პირი ხელით დაუჭირა გარდაკოცნა კვლა და კვლაცა უბრძანა თუ:” დაგმორჩილდე რაცა მითხარ აგრე ვქნაცა, იგივეა მხსნელი ჩემი ვინცა მიწა გამაკაცა.”

122. მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა; უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა! მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა, მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა”.

123. კაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია, მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია, ვერცა თუ ნახეს მნახავი ღმრთისაგან დანაბადია, ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

124. მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით, მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით, მისსა მნახველსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით, ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით”.

125. მეფე ბრძანებს: “მართალ იყო ასული და ჩემი ძეო, ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო, ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო, გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო”.

126. ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა, მგოსანი და მოშაითი უხმეს, ჰპოვეს, რაცა სადა; დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა, მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა!

127. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი, იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი. შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი, მოახსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი”.

128. ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა, ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა; უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა,– ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

129. ავთანდილ ლაღი, უკადრი, მივა, არვისგან რცხვენოდა, მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა; იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა, მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.

130. გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი; ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი, მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი.

131. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა; ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა. მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა; პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

132. ქალმა უბრძანა: “ზარი მლევს მე მაგისისა თხრობისა; მწადდა არა თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა; მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა, რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?”

133. ყმამან ჰკადრა: “საზაროსა ჩემგან თქმა-ღა ვით იქმნების? მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, დაცაჭნების; აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების, თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების”.

134. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად; იტყვის: “თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად, გიკვირს, მოგხვდა წამის-ყოფით საქმე შენგან საეჭვი რად, მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

135. “გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა, ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა, მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა, შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოლახო ცა.

136. “აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია, მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია, ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია, შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.

137. “ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად: პირველ ყმა ხარ, ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად, მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად,– წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად.