ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

20. ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია; ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია! იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია; მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.

21. ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა, იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

22. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან, ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან, ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან; მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

23. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა, მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხვდომისა წყენითა; ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა, კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრფენითა.

24. მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა. სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა, ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა,– ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

25. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი; მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი, ნურვინ გარევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!

26. ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში, რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში, გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში; მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში.

27. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა: დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა. ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა, კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.

28. მას ცოცხალი ნუ ელევის, რაცა პირველ შეუყვარდეს ნუცა ლხინსა აუზვავდეს, ნურცა ჭირსა შეუზარდეს. მისთვის დასთმოს ყველაკაი, მისთვის ველთა გამოვარდეს, ნურა გავა სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს

29. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა, ჭირთა მალვა, თავის წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა, შორით ბნედა, შორით კდომა, შორით დაგვა, შორით ალვა, დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

30. ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს; არ ბედითად “ჰაის” ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს; არსით უჩნდეს მიჯნურობა, არა სადა იფერებდეს, მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

31. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს? ამის მეტი რამცა ირგო, მას ავნოს და თვითცა ივნოს! რათამცაღა ასახელა, რა სიტყვითა მოაყივნოს?! რა გავა თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!

32. მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა? ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარსა, მისთვის წყლულსა? თუ არ უყვარს, რად არა სძულს, – რად აყივნებს, რაცა სძულსა?! ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

33. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების; სიარული, მარტოობა შვენის, გაჭრად დაეთვლების; იგონებდეს, მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების, არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა იახლების.

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

34. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.

35. სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული, სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული; მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული, ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

36. მისი სახელი თინათინ – არს ესე საცოდნარია! რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია. მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია, გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.

37. უბრძანა: “გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა: რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა; მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ, ღამესა ჩვენ უმთვაროსა.

38. “მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია; რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია! ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.