ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1529. ყმა მეფესა მოახსენებს: “მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ! რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ? მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ, შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ”.

1530. ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს. მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს, მიხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს, ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.

1531. მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან. დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან; გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან, დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერმიხვდომილმან.

1532. ეტყვის: “მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო! შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო, თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო”.

1533. გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა; ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა; მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა, სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა.

1534. შინა წავიდეს ყოველნი, შესხდეს თავისა დარებად, ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად, არ მიიხვდომვის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად, ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად, არებად.

1535. შევიდეს, ნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა; სკიპტროსან-გვირგვინოსანსა შვენოდა ცმა პორფირისა, მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა; შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა.

1536. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს, მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს, იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს, ბროლ-ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

1537. თინათინ ზედა აწვივნა ტახტსა მეფეთა ზეთასა, ტარიელ უთხრა: “შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა, დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა, მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ, მზესა მზეთასა”.

1538. ორთავე ხელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა, გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა; უნახავსა და ნახულსა, სჯობს ყოვლსა სანახავისსა, ნუ ეჭვ მიჯნურთა მათებრთა ნუცა თუ რამინს და ვისსა.

1539. ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა, ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე და გამო გულმან კრთომა. მეფე ეტყვის: “შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა, ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არწახდომა."

1540. აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა, სვესვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა! ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა! თქვენით ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!”

1541. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება: “ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება, დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე — სიბერე, ვითა სნება, ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება!”

1542. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს, მოახსენეს: “მიწად ვექმნნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს, მორჩილქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს, მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს.”

1543. ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა თავსა დება; ქალსა ეტყვის: “შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება, ქმარი შენი ძმაა ჩემი, მწადს ეგრევე თქვენი დება, ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება.”

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან

1544. მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია, მას თანა მჯდომსა ტარიელს შვენიან სინაზენია; ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭვრეტელთა ამაზრზენია, ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია.

1545. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა, ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა, შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა, მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა მსგავსისა.

1546. იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები, კვლა უცხოფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები. მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები, მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: “ნუ აეხსნები, იქ ები!”

1547. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა; შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბალახშისა თლილისა; მსმელთათვის წყარო ღვინისა, ასგან დის, მსგავსი მილისა, ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.