ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1626. ტარიელ ზედა მოიჭდვნა მხურვალთა ცრემლთა მდენელმან, იტყვის თუ: “ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან; დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან; თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან”.

1627. ქალმან დედასა შესტირნა: “ჰაჲჰაჲ, რაღა ვქნა, დედაო! შესამოსლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო, მამამან ტახტი დასცალა, აღარ ზის მაღლა ზედაო!” დედამან ცრემლნი მოჰხოცნა, ეტყვის: ,,დადუმდი, ბედაო”.

1628. გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები, ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები, ნესტანჯარს ეტყვის: “რადღა ვთქვათ სიტყვები ბედით ხელები? ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი, არ ერთხელები.

1629. რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად; დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად; იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულისგულად, აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.

1630. ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება; ტარიელ თქვა: “დედოფალო, გჭირს ამათი არმეცნება, ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება; ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება”.

1631. ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მთასა; ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითამ ათსა: “ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა, ამად შევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა”.

1632. უბრძანა: “გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო, დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო; ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო, იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო”.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა

1633. დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თითო ხელი დაუჭირა, ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა, მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა, გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.

1634. დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა, დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა, ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა, ბრძანა: “ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა”.

1635. ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი, ერთმანეთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი; გონება და ანუ ენა გამოთქმიდა მითმცა ვისი! რამცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!

1636. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი — შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი; ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

1637. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს; მისცე კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს. “ესეაო მეფე ჩვენი”, — იზახდეს ამას ხმობდეს.

1638. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს, — ზედა დასხნეს ხელმწიფურად, — დიდებანი უდიადნეს; ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

1639. სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ოთხთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

1640. დედოფალმან ეგრე ბრძანა: “ობოლ-ქვრივნი მოასხენით: ყველაკაი დაამდიდრეთ, საბოძვრითა აავსენით!" თვით უბოძა უსაზომო, რომ არ ითქმის ყოლა ენით, “ულოცეთო დღეგრძელობა, ესე ღმერთსა შევედრენით”.

1641. ტარიელ თქვა: “დედოფალო, გკადრებ ერთსა მოსახსენსა: შეიწყალე რამაზ მეფე, მიავალე ღმერთსა შენსა; ვნახე, მეტად შემებრალნეს, შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა, ღმერთი ალხენს მოცთომილსა მონანულსა, ცრემლნადენსა”.

1642. დედოფალმან ლმობიერად “შევუნდობო”, ესე ბრძანა; მოიყვანა რამაზ მეფე, ხელმწიფეთა ათაყვანა, — ყოვლით კერძო მომღერალთა ხმები გაეთანისთანა,— ჭირთა მათგან გარდახდილთა ესე ლხინი შეაგვანა.

1643. ოქრო, თვალი, მარგალიტი, შვენიერი სანახავად, ყოვლგან იდვის ვითა გორი, მოდის ველთა მოსარწყავად; ვისცა სწადდის, ალაფობდის, წაიღებდის უკითხავად, მანდატურნი არვის სცვიდის, ბოლოს ვინ ჯდის, ანუ თავად.

1644. ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყვის მეფე დიდი: “სტუმარნი ხართ, შოებისა სირცხვილი და ნუ გაქვს რიდი!" თითოს კაცსა თითო ჯორი, მარგალიტი ანაკიდი, ესე მისცა საბოძვარსა სხვას ყველასა ვერ დავსთვლიდი.