ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1587. ჩემთვის ბნელქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო; ჩემთა რა გაცნევს ამბავსა, გულისა მონაცემთაო! მზეო, რად ღა გაქვს სინათლე, რადღა ანათობ თემთაო? რად არ დაიქეც, ქვეყანავ, რადღა მართიხარ ზე, მთაო?”

1588. ტარიელ მოსთქვამს: “გამზრდელო, ჰაჲჰაჲ, რა საქმე მსმენია! მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია?! მზე მოჰკვე ყოვლთა სულდგმულთა, სოფელი აღარ შენია, ღმერთსა მიმადლე, შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია”.

1589. მაშინ გახდეს ყველაკანი მტირალად და ცრემლთა მღვრელად; დიდი ხანი მოიტირეს თავის - თავის გაუყრელად; ავთანდილ და ფრიდონ ტირან გულსადაგად, არ თუ ჭრელად, მაგრა ექმნნეს სულის მღებლად, კათალიკოს - მაწყვერელად.

1590. ზე ადგეს და მოახსენეს: ,, ჰე მნათობო, ცისა მზენო, დასთმეთ, გული დაიწყნარეთ, ქენით რაცა მოგახსენო; იგი ღმერთმან გაამაღლა, ვითა ორბი, მისნო ფრთენო, აქა ყოფნა არა გვმართებს, არცაღა გვცალს გლოვად ჩვენო.”

1591. მადლი უბრძანეს, აწვივნეს, ქვე დასხდეს ზე ადგომილნი მუნვე დგეს იგი ვაჭარნი, პირსა ფერჰაერკრთომილნი, გაკვირვებულნი საბრალოდ, მართ ვერას ვერ მიხვდომილნი; უბრძანეს: ,, ძმანო, რას გიკვირს, ჩვენ იგი ვართ წახდომილნი.”

1592. კვლა უბრძანებდეს: “გვიამბეთ ამბავი დანარჩომია”. მათ მოახსენეს: “პატრონო, ინდოეთს დიდი ომია, მოსულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია, რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია.

1593. ჯერთ დედოფალი ცოცხალა, მკვდართაგან უფრო მკვდარია; იბრძვის ლაშქარი ინდოთა , თუც იმედგარდამწყდარია; გარეთ ციხენი წაუხმან, ყველაი გარდამხდარია, მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაჲჰაჲ, რა ავი დარია!

1594. მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა, ჩვენცა, შავი; რამაზს წინა გამოვედით, მისრულად ვთქვით ჩვენი თავი; მეფე ჩვენი დიდი არის, მათ ეწადა მისი ზავი, გამოგვიშვნა, წაედითო, არა გვიყო ყოლა ავი”.

1595. რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა; ეჯი სამ დღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა; დროშა მისი აიმართა, წინა არა მოიფარა, აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!

ტარიელისაგან ინდოეთს მისვლა და ხატაელთა დამორჩილება

1596. ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია; აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, დია; ტარიელ ბრძანა: “მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია? ადრე მოვიცლი იმათგან, ღმერთი და ჩემი ბედია!

1597. იმა ლაშქართა უნახვან კვლა ხრმალთა ჩემთა კვეთანი; ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქმენ აბჯართა ფეთანი”. ავთანდილ ჰკადრა: “რად უნდა თქმანი სიტყვათა მძლეთანი? მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიხვდეს ფერხითა ცვეთანი”.

1598. დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს, ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს; ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს, იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაცა უფრო ბუქდეს.

1599. წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს; ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს, მოაგებეს მხარდაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს, აიზიდნეს; “ვისნი ხართო?” — ჰკითხეს, ხანსა არ და - რე - ზმიდეს.

1600. მათ მოახსენეს: “მეფეო, ჩვენ - ცუდად დაღორებულნი, რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი”. უბრძანა: “წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი, აცნობეთ თქვენსა პატრონსა: “მოვლენ გულითა ქებულნი”.

1601. უთხარით: “ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია, იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია; ჩემსა ამბავსა გაცნევენ შენნივე დარაჯანია, შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა ცუდნიღა დაღრეჯანია!

1602. “დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო! ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო? აჰა, მოვედ იგი ცეცხლი, რომე წმიდად ამოგდაგო, ხრმალი ჩემი მოლესული შენსა ზედა დავაბლაგო.

1603. აწ დაემზადე, მოპარვა მე თქვენი არა მწადიან; შემები, რაზმი გარდმაწყევ, წინასვე გამიცხადიან: პირბოზო, ჩემი მორევნა რა დიდი დაგიქადიან? მე ჩაბალახად გახმარნე, რაცა გიმუზარადიან”.

1604. დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს. რამაზს ჰადრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს: “მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს, ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს”.

1605. ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია; დროშა არაბთა მეფისა მასთანა ჰყუდია; არაბთა, იცის ყველამან, მათი აბჯარი შუბია, ფრიდონ-მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია.