ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1489. მას ჰგვანდეს, თუ - მცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა; იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა; შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაცმიუმხვდარეთა, სად ყოფილიყო ტარიელ, მიხვდეს მის კლდისა არეთა.

1490. ტარიელ ბრძანა: “მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა; მუნ მივალ, სადა ყოფილვარ, მჭირდა სადამდის ხელობა; მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა, მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა.”

1491. მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა. ასმათს უც ხორცი ირმისა, იქს მასპინძლობა-კვეთასა. ამხანაგობდეს, ლაღობდეს, წასლვასა მათ საქმეთასა, ღმერთსა მადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.

1492. მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი, პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი, ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი; არ იტყვიან, არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულნაკლულნი.

1493. უბოძა ტურფა მრავალნი მათ - მათი შესადარები, კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები. აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათ თანა ნარები, მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, ჰგვანდა კაცდაუკარები.

1494. ფრიდონს უთხრა: “ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების, მაგრა თქმულა: “კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების”; აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების, შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების.”

1495. ფრიდონ მდაბლად თაყვანისსცა, ჰკადრა მადლი მეტისმეტი: “მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი? მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი? ჩემი ლხინი მუნამდისა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”

1496. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად, სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად; აწ მუნითცა გაემართნეს არაბეთით მივლად გზისად, ავთანდილ-ა გალეული შესაყრელად, მთვარე, მზისად.

1497. მიხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები. დახვდა სოფლები, ციხები, ხშირ - ხშირად, თანისთანები, მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები, ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.

1498. ავთანდილ იცნეს, გაისმა ხმა მათგან სიხარულისა; დაიწყეს ყოლგნით ლაშქართა ქმნა ,ათკენ სიარულისა, თაყვანისსცემდა სიმრავლე სპისა პირმხიარულისა; ქალი ნახიან: ,,შვენება, — თქვიან, — არს მზისა სრულისა.”

1499. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა, შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა; მე მოვალ, მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა, გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.

1500. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა, ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა; მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა, დავხოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქვენისა.

1501. აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია, შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია. ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია, ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია”.

1502. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა, ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა; თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა, ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.

1503. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა. ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქმნა სწადდა მათკენ რებისა. დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა, შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ - გულმაგრებისა.

1504. მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი. ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი. ყველაკაი ღმერთსა მადლობს, გაამაღლნეს მათნი ხმანი, თქვეს: “ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია, შენთვის მზანი!”

1505. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა, ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა: “აგერა ხედა მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა? ამად მედების სახმილი, გულსა ეცხელა, ებავთა.

1506. ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა. იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა, ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა, რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა”.

1507. ტარიელ უთხრა: “კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა. აწ დადეგ, იქი ნუ მოხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა. მე მივალ, უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა, ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა”.

1508. მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი. ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი, მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი, წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.