ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1645. ავთანდილ და ფრიდონისთვის საბოძვარსა ვინ დასთვალავს! ვერ გამოსთქვამს სიმრავლესა ენა, ამად თავსა კრძალავს! რაცა ედვა, უკეთესსა დედოფალი არ დამალავს, მათ უხმობდა მხსნელად მათად, ტკბილად უჭვრეტს, არა ლალავს.

1646. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან: “თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, — მართ ამას მოიტყოდიან, ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1647. ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძვარია; უბრძანა: “ხარკსა მოგვცემდი, მართ ვითა შენი გვარია”; მან თაყვანისსცა, პირისა ქვე მდაბლად დამდებარია, წავიდა მისი მლოცველი, არ ომთა მომკვეხარია.

1648. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა: “რაცა შენ ჰქმენ არ უქნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1649. ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე; მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!” ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: “შენგანაო ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი რამც ვიშოვე, რამც ვიქონე?”

1650. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მოუდიოდის ძღვენია; რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია! მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1651. ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა. უბრძანებდა: “გული, შენი, განაღამცა მომემდურვა, აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ესე დამიშურვა."

1652. კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედა - ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა, თქვენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა”.

1653. მასცა უბოძა ფარმანი: “წა, სახლი მოიარეო, მე ნუ გამწირავ, მეახლე, ადრე მობრუნდი გარეო”; ავთანდილს უთხრა: “უშენოდ რამცა ვით გავიხარეო? რათგან ისწრაფი, ნუ გაგვა. მიგელის ლომსა მთვარეო!"

1654. როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფა ჯუბაჩები, კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები: “ჩემ მაგიერ მიუტანე, წადი, ნურას მეურჩები”. ავთანდილ თქვა: “ არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!”

1655. ქალმან ქალსა გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი, — წამღებელმან ვერა თქვას, თუ “ცუდად ვზიდე”, — ღამე მზეებრ გაანათლის, ჩნდის, სადაცა შეხედვიდე.

1656. ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა; სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყვის: “მომკლაო სოფლისა მე სამსალამა”.

1657. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის–თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი; ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1658. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ნახა მზე მისი, მირიდა მისთა სურვილთა წყენამან; მას თანა ტახატსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან, გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1659. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს, მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1660. ფრიდონცა ესვა მოყვარედ, მათ წინა მიიყვანიან; ერთმანერთისა მეშველთა მებრძოლნი იმაჯანიან: მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები ააკვანიან, ორგულთა მკლავნი შემუსრნეს, ერთგულნი აგულვანიან.

1661. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

დასასრული

1662. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა. გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა! ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა. ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა დამისა.

1663. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.