ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1568. კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი; ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი; იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი. რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.

1569. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების, ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების, ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების; ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

1570. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით; იტყვის, თუ: “თქვენი სიახლე მიჩნს აქამდისცა ოცებით: რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით, შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით”.

1571. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი, გამომსალამე; სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე: “მზე შენ გელისო საომრად და თავი შენ მას ალამე”. უბრძანა: “თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალა მე!”

1572. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა, ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა. კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა, მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

1573. სამ თვე ვლეს, — ღმერთმან მათებრი სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა! მოეგებიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა! მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა, ვითა მართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.

ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა

1574. ქედსა ზედა გარდმოადგა მეტად დიდი ქარავანი; კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი; გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი; მეფე ბრძანებს: “მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი”.

1575. მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია; უბრძანა:”ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიბლესია?” მათ მოახსენეს:”სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია, ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია”.

1576. გაეხარნეს მათ ვაჭართა ინდოეთით მომავლობა, მაგრა თავი უმეცარ ყვეს, არა მისცეს ყოლა გრძნობა; უცხოურად ეუბნების, მათ ვერა ქმნეს მათი ცნობა, არ ესმოდა ინდოური, არაბულად ყვეს უბნობა.

1577. უბრძანეს:”გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა”. მათ ჰკადრეს: “ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა; დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა, მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა”.

1578. თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს, არის წყლიანი: “ფარსადან მეფე ინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი, მას ესვა ქალი, მნათობი მზისაცა უფრო მზიანი, კბილმარგალიტი, ტანალვა, ღაწვბალახშ - ყორანთმიანი.

1579. “მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა. ამირბარმან სიძე მოკლა, ხმა მეფესა დაუვარდა; იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზარდა, ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა.

1580. “მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა; მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა; თვითცა მოკვდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა; იგი ქალი დაიკარგა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა.

1581. ცნა ამირბარმან, წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად; იგიცა წახდა, ინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად; ორნივე წახდეს, პოვნაღა მათი არს აწ საგებნელად, მეფემან ბრძანა: “ჰე, ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად?”

1582. “მეფე გაშმაგდა მათისა უღონოქმნილი ძებნისა; ვად შეიცვალა ინდოეთს ხმა ქოს - წინწილთა, ებნისა; ცოტასა ხანსა გა - ვე - ძლო დება სახმილთა გზნებისა, წ თვითცა მოკვდა, შეექმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა”.

1583. რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა. ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა. ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა, ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა.

1584. მომკალ, ქალსა თავშიშველსა თუ მზე ვითა ეურჩოსა; სული ვარდსა დავამსგავსე, თავმოხდილი - ყაყაჩოსა; თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იხმობს ვირებრ “ჩოსა”, ჰგავს, თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ხარხაჩოსა.

1585. ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია. თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა ავსია, ვარდი შექმნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა ხავსია, მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია.

1586. იხოჭს და იგლეჯს, ზახილით ტირს სიტყვახაფი უარე; სისხლი და წყალი თვალთაგან სდის, ცრემლი გარე უარე: “ მოვკვე, შენთვის მამაო, შვილი ყოველთა უარე, ვერა გმსახურა ასულმან, ვერცა რა შეგაგუა - რე.