ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1431. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა. ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა; უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა, პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთენ ვითა ხიდსა.

1432. მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა; ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერდანადები ფასისა, იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა, კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.

1433. ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული თვალითა, იაგუნდითა წითლითა, ბალახშითა და ლალითა. დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვამკრთალითა, მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

1434. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი: ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თითო ცხენი, თითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი, მოახსენეს: “მადლი რა ვთქვათ, სვიანმცაა დავლა თქვენი!"

1435. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა, ენითა: “დიდად ვიამე, მეფეო, პირველ ნახვითა თქვენითა, მერმე აგვავსენ მრავლითა ტურფაფერითა ძღვენითა, ვიცი, შორიშორ არჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა”.

1436. ზღვათა მეფე მოახსენებს: “ხელმწიფეო, ლომო, ქველო, მოახლეთა სიცოცხლეო, ვერამჭვრეტთა შორით მკლველო, მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო! რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!”

1437. ტარელ ფატმანს უბრძანა: “მე თავი შენი მიდია; დავ, გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია; აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია, მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია”.

1438. ფატმან ხათუნ თაყვანისსცა ჰკადრებს მადლსა მეტისმეტსა: “მე,მეფეო, ნახვა შენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა; რა მოგშორდე, რა ვიქმნები? მე დამაგდებ ვითა რეტსა. ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერამჭვრეტსა!”

1439. ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი, კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი: “უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან ნიშატნი, საჩანგდაფენი, მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.

1440. შენ იყავ ჩვენი მშობელი, ჩვენგან ღმრთად საესავიო, მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო”. მეფემან ბრძანა: “არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო, რათგან ისწრაფი, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!”

1441. მეფემან ნავი-ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა. გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა, თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა, ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.

1442. გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა, კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა; შვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არუიცართა, ბაგეთა შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.

1443. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად, კვლა ფრიდონის თავადთასა — ნაომართა მათთა მთხრობლად: “მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად, ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად”.

1444. იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა, მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა; მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა, მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.

1445. მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები. ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები, ნესტან-დარეჯან მოეჭდო, რომე ვერ გაჰხსნის ცულები, აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

1446. ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა; უბრძანა: “ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა, აწ ღმერთმან მოგვცა, წყალობა, ვცან, მისი არ სიძვირითა; მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!”

1447. ასმათ ჰკადრა: “ მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არდაზრულნი, ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი, სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩნს, ოდეს გნახნე მხიარულნი.” სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი.

1448. დიდებულთა თაყვანისსცეს, მოახსენეს დიდი ქება; “რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება! ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალუც განკურნება”.

1449. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაკოცნეს. მეფე ეტყვის:”ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს, იგი შვება საუკუნო ცხადად პოვეს, არ იოცნეს, ერთსა მიხვდეს საზიაროდ - დიდებანი იასოცნეს”.

1450. თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია”. ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია, ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია.