ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1451. მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს, რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქვმით ახეს; დადუმდეს და მოახსენეს: “რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს, რასათვისმცა ივაგლახეს!”

1452. ვინ ღირს-ა თქვენგან ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა! თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა”. კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: “ნურათ იქთ გამწარებასა, ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!”

1453. ავთანდილცა მიუმტკივნა, ეტყვის დიდსა სიმძიმილსა; მათ შეასხეს ქება, უთხრეს: “თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა, რათგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა, აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა”.

1454. მივიდეს, სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია; სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია, დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია, მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

1455. შუკათა მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია; შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია; მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია, მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.

1456. გადახდეს და ფრიდონისასა სრა ნახეს მოსაწონები. გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები, ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები, თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან

1457. მათ ქალ-ყმათთვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული, წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული; ავთანდილისთვის — ყვითელი და შავი ერთგან რეული; მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი ვცან მათი სულდალეული.

1458. მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა; ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა; ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.

1459. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არალქატისა, ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა, კვლა ერთი თვალი სამსგავსო მზისა შუქმონამატისა, მას წინა ღამით ძალედვის მხატვარსა ხატვა ხატისა.

1460. კვლა უძღვნა თვითო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა, მგრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა; კვლა მოაქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა, ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.

1461. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა. ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა. აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა, ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან სიტყვითა ტკბილითა.

1462. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა; ყოვლთა დღეთა მიართმიდის უფასოსა ძღვენსა მზასა; დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა. აჰა. მიხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.

1463. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე ერთ სიტყვები გულისა: “არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა, არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა, მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.

1464. ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება, აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება: შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება, ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება.

1465. უთხრა: “ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირნახულსა! ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა! თუ ვერა ვიქ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა, არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.

1466. აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეხმარები? ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები; ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა — საომარები: თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები”".

1467. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა, მას გაეცინნეს, გაღიმდა, შვენოდა მხიარულობა; თქვა, თუ: “მეშველი რად მინდა? მჭირს არავისგან წყლულობა! ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინნაკლულობა.

1468. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა, საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებითა, არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა; მას ზედა შველა რად მინდა, რად მეჭვ რასაცა თნებითა?”

1469. რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი, ღმერთი იწადებს, მომივლენ გულსა სახმილთა ლხენანი; მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი, უმისჟამისოდ ცუდნია ჩემგან მი და მო რბენანი.