ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1393. სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა, ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა, სავაჭროთა შევეკაზმვი, ვიქმ საქმესა სამუხთალსა, ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.

1394. სამთავე შესვლა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები; მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები, მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები, ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!

1395. შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად, თქვენ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი მსგავსად გმირისად; კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვიტკირი სად. თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”.

თათბირი ტარიელისა

1396. ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა, თქვენსა ძალ–გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა; ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა, კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა.

1397. მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა: ხმა ესმას ჩემსა ხელმქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა, თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა? ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.

1398. მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები: გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები, სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები; მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცეთ მძლე ნები."

1399. ,ფიცხლად შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა, სამთაგან ერთი შეუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა, მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა, ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა”.

1400. ფრიდონ უთხრა: “შემიგნია, გამიგია, ვიცი მე რა: მაგა ცხენსა ჩემეულსა წამოასწრებს კართა ვერა; ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა.”

1401. ფრიდონ ლაღი ამხანაგობს საუბართა ესოდენთა. ამას ზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვაბრძენთა, ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

1402. კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირმკვახები, დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები: გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები, ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1403. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა; მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა; ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა, დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

1404. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია: რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია, მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1405. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთემიუწდომნია, მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია; მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია. აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნეს ფიცხელნი ომნია!

1406. სამთავე სამად გაიყვეს, თითომან თითო კარები; თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები. მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები, გათენდა, გაჩნდეს, მიმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.

1407. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახვდეს გულხმიერად; გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად, მიდგეს გარეთ, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად.

1408. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი. რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი, სამთავე სამგნით მიმართეს, თავსა მით უყვეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

1409. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა: კრონოს, წყრომით შემხვედელმან, მოიშორვა სიტკბო მზისა; მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა, ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი მკვდრისა.

1410. კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა სიმაგრე ჯავშან-ქაფისა. სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახეს კაფისა, რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.

1411. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლნი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს, თქვეს: “ტარიელ რა იქმნაო?” მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.