ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

1418. სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა; ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთ-კერძ უხაროდა; მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა; რომე ჰპოვეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვა ვით ითქმოდა!

1419. მოჰკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით ჰპოვეს მალები; სამი-ათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები, თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები; იგი მზე შეჰსვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.

1420. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია; წამოიყვანეს იგი მზე - მათიღა წაგვრა ძნელია - ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, თუცა გზა მუნით გრძელია - თქვეს: “ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაძს მისი გარდუხდელია.”

XL. მისვლა ტარიელისა ზღვათა მეფისას და ფრიდონისას.

1421. ზღვათა მეფესა წინაშე გაჰგზავნა მახარობელი; შესთვალა: “მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი; ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი; მწადიან, გნახო პატივით, ვითა მამა და მშობელი.

1422. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია; მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია; ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია, ამისად მუქაფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია!

1423. მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე, სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე, კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე; მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.

1424. თქვენ უბრძანეთ ჩემმაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა, გამოჰგზავნოს, - იამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა- მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვად-ღა ვისსა, ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!”

1425. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, - წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთომელსა – მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბჭობელსა, მაშინვე შესჯდა, არ უნდა მისლვა სხვასა-ღა მხმობელსა.

1426. ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა, მას მოაქვს, რიცხვი ტურფათა, არ-სიდიადე სათისა; ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა; უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.

1427. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა, გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გარესწყდეს ჯარსა სპათასა; შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა: ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.

1428. ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი, მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი; იტყვის: “ღმერთო, რა გმსახურო, განმინათლდა რათგან ბნელი! ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი”.

1429. ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი: “ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი, გაცამჭკრალი, აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი; მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი.”

1430. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა; ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა; უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა, პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთენ, ვითა ხიდსა.

1431. მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა; ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერ- დანადები ფასისა, იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა, კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.

1432. ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა, უძღვნა შემკული თვალითა, იაგუნდითა წითლითა, ბალახშითა და ლალითა. დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა; მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

1433. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო, დიდი ძღვენი: ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი, თვითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი; მოახსენეს: “მადლი რა ვთქვათ, სვიანმცაა დავლა თქვენი.”

1434. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა, ენითა: “დიდად ვიამე, მეფეო, პირველ ნახვითა თქვენითა, მერმე აგვავსენ მრავლითა უცხოთა ტურფა ძღვენითა, ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა.”

1435. ზღვათა მეფე მოახსენებს: “ხელმწიფეო, ლომო, ქველო, მოახლეთა სიცოცხლეო, ვერ-მჭვრეტელთა შორით მკლველო, მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო, რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!”

1436. ტარელ ფატმანს უბრძანა: “მე თავი შენი მიდია; დავ, ვალი შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია; აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია, მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია”.