ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

1476. უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა!” “არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა, მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლ-ალმულობა, ასრე ჰხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა.

1477. ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად, ფერხთა ეხვევის, აკოცებს,აღარ შეხედავს ზე წელად; ეტყვის: “კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად, კვლა ნუ მიქ ერთგულობისა გამტეხლად, დაცამლეწელად.

1478. რასაცა ჰლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია, გამზრდელსა ჩემსა ვით ვკადრო მე საქმე სამუხთალია; მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია, ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედან ხმალია!

1479. ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს, ვა, თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს, ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს, შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს.”

1480. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან, ხელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა, ააყენა მან; “მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან, მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.

1481. დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა, მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულ-მძიმობა, დიდობა; თუ მოყვარეა გულისა, ქმნას ჩემკენ მონაზიდობა, თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა.

1482. მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა, არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა; რადმცა რა ვკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა, ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.

1483. ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით, რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით; რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით? დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით.”

1484. რა ავთანდილ ტარიასგან სცნო, წასლვასა არ დაშლიდა, არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა ჰრთვიდა; ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა; თანა წაჰყვა, განაღამცა მასთანავე გზასა ვლიდა.

XLII. ტარიელის ქვაბსავე მისვლა მორედ და საჭურჭლეთ ნახვა.

1485. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს: ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაჰბადებს, ავსა წამ ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს, თავსა მისსა უკეთესსა უზადო ჰყოფს, არ აზადებს.

1486. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი; თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი, ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი; მუნ ბალახშსა აშვენებდეს სინატიფე, სინაზენი.

1487. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს; მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს; სადაცა დაჰხვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს; მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.

1488. მას ჰგვანდეს, თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა; იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა, შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაცთ-მიუმწვდარეთა; სად ყოფილ-იყო ტარიელ, მიჰხვდეს მის კლდისა არეთა.

1489. ტარიელ ჰბრძანა: “მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა; მუნ მივალ, სადა ვყოფილვარ, მჭირდა სადამდის ხელობა; მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უძს ხორცისა ხმელობა; მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა.”

1490. მივიდენ, შიგან გარდაჰხდენ ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა; ასმათს უძს ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა; ამხანაგობდეს, ლაღობდეს, წასლვასა მათ საქმეთასა, ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.

1491. მოიარეს ქვაბოვანნი, თამაშობდეს მხიარულნი, პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი, ვერცავისგან დანათვალნი, ვერცავისგან შეგებულნი; არ იტყვიან, არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი.

1492. უბოძა ტურფა მრავალი მათ-მათი შესაფერები; კვლავ ფრიდონისნი აღავსნა, სპა ჰყვა, თუ სპასალარები; აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათ თანა ნარები, მაგრა ძეს რომე საჭურჭლე,ჰგვანდა კაც-დაუკარები.

1493. ფრიდონს უთხრა: “ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების, მაგრა თქმულა: კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების; აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების, შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების.”

1494. ფრიდონ მდაბლად თაყვანი სცა, ჰკადრა მადლი მეტის-მეტი: “მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი? მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი; ჩემი ლხინი მუნამდის ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”