ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

1437. ფატმან ხათუნ თაყვანი სცა, ჰკადრებს მადლსა მეტის-მეტსა: “მე, მეფეო, ნახვა თქვენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა; რა მოგშორდე, რა ვიქმნები, მე დამაგდებ, ვითა რეტსა; ახ, ნეტარძი მოახლეთა, ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!”

1438. ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი, კბილნი ბროლნი და ბაგენი, სადაფთა მოსადაფენი: “უთქვენოდ მყოფსა არ გვინდან ნიშაგნი ნაჩანგ-დაფენი, მაგრა გაგვიშვენ, ჟამია, წავიდეთ, ვართ მოსწრაფენი.

1439. შენ იყავ ჩვენი მშობელი და ჩვენი საესავიო, მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო.” მეფემან ჰბრძანა: “არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო, რადგან ისწრაფი, რა გკადრო, წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო.”

1440. მეფემან ნავი ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა; გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ჰღვრიდესა, თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა; ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.

1441. გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა, კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა; ჰშვენისთ მღერა და სიცილი მათ, მისთა არ უვიცართა, ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.

1442. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაჰგზავნეს მახარობლად, კვლავ ფრიდონის თავადთასა – ნაომართა მათთა მთხრობლად: “მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად, ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ ვიქმნებით დაუზრობლად.”

1443. იგი მზე შეჰსვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა, მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა; მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა; მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.

1444. მუნ მიეგებნეს ყოველნი ფრიდონის დიდებულები; ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები, ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გაჰხსნის ცულები; აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

1445. ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა; უბრძანა: “ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა, აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან მისი არ სიძვირითა; მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!”

1446. ასმათ ჰკადრა: “მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი, - ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი - სიკვდილიცა სიცოცხლედ მჩანს, ოდეს გნახენ მხიარულნი, სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი”.

1447. დიდებულთა თაყვანი სცეს, მოახსენეს დიდი ქება; “რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღვთება! ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უძს განკურნება”.

1448. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს. მეფე ეტყვის: ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს, იგი შვებას საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს, ერთსა მიხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.

1449. თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია”. ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია, ნარგისთათ იძვრის ბორიო, ვარდსა ჰზრავს იანვარია.

1450. მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ჰნახეს, რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს; დადუმდეს და მოახსენეს: “რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებთ, რასათვისმცა ივაგლახეს!

1451. ვინ ღირს ა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა, თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა;” კვლავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა: “ნუ რად იქმ გამწარებასა, ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!”

1452. ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა: მათ შეასხეს ქება, უთხრეს: “თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა, რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა, აღარა ვტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა.”

1453. მივიდეს, სადა ქალაქი, დიდი მულღაზანზარია; სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია, დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია; მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

1454. შუკათა მოდგნეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია; შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია; მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია; მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან სააჯარია.

1455. გარდაჰხდეს ფრიდონისასა, სრა ჰნახეს მოსაწონები; გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები; ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები; თავსა აყრიდეს ოქროსა, ჰხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

XLI. ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან.