ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

1495. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად, სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად; აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით მივლად გზისად; ავთანდილ ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად.

1496. მიჰხვდეს არაბთა საზღვართა, რა ვლეს მრავალი ხანები, დახვდათ სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად თანის-თანები, მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები, ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.

1497. ტარიელ კაცი გაჰგზავნა წინაშე როსტან მეფისა; შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა; მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქვენსა სეფესა, გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭკვნელსა, მოუკრეფესა.

1498. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა, ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა; მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა, დავხოცე მონა მრავალი, მსახურნი სრისა თქვენისა.

1499. აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია, შემინდოთ, რაცა შეგცოდეთ, ჰქმენთ გაწყრომისა კმანია; ძღვენი არა გვაქვს, გვმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია; ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია.

1500. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა, ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა; თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა; ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.

1501. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა, ლაშქარნი რბოდეს მიდამო, ქმნა სწადდათ მათკენ რებისა; დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა; შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ-გულ-მაგრებისა.

1502. მეფე შესჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი; ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი; ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლეს მათნი ხმანი; სთქვეს: “ბოროტსა უმყოფობა, კეთილნია, შენთვის მზანი.”

1503. რა ერთმანერთი აუჩნდათ მიგებულ-მოსაგებავთა, ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა: “აგერა, ჰხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა? ამად მედების სახმილი, გულსა ეცხელა, ებავთა.

1504. ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა; იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა, ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა; რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა.”

1505. ტარიელ უთხრა: “კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა; აწ დადეგ, იქი ნუ მიხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა; მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა; ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა.”

1506. მუნ დაჰსდგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი; ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი, მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არ ავი, წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.

1507. ტარიელცა თაყვანი სცა, მივა კოცნად, სასალამოდ, მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ, გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ: “შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ”.

1508. გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა, პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა: კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანი სცა მან მეფესა, მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.

1509. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების; ტარიელ ეტყვის: “მეფეო, აწ გული შენ გემონების; მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების; რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების!

1510. ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა და დაყოვნება ხანისა! მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა, გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ მოტანისა; ვიაჯი რასამე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა”.

1511. დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა; ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა, ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა, ყოფა-ქცევისა და ზმისა; დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა:

1512. “მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად, მაგრა მოსული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად მქენებლად; თვით იგი იაჯს, რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად; ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.

1513. აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით, ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით, დავიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით, არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.

1514. თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა, მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა; მუხლ-მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა, რომე მისცე ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.