ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

1398. ფიცხლა შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა, სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ ბარებსა, მან ერთმან შიგნით შიგანი მივცეთ სისხლისა ღვარებსა, ხელი კვლა ვხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა.”

1399. ფრიდონ უთხრა: “შემიგია, გამიგია, ვიცი მე რა, მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობენ კარსა ვერა; ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა.”

1400. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა, ამაზედან გაიცინეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა, ერთანეთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, გარდაჰხდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

1401. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები, დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები: გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები, ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1402. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა, მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა; ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა, დაჰლივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

1403. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია: რა ზედა სწვიმდენ ღრუბელნი და მთათა აღტყდეს ღვარია, მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1404. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწდომნია, მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია; მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომლნია; აწ იყურები, მსმენელნო, გესმნეს ფიცხელნი ომნია.

1405. სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები; თანა ჰყვათ კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები, მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები; გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის-თავ ჰქონდა ფარები.

1406. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად; გულსა შიში არა ჰქონდათ, ამოდ დგეს და ნებიერად, მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად.

1407. ანაზდად ცხენი გაჰქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი. რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გაჰხდა ზრიალი. სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

1408. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღვთისა: კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა; მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა; ველნი მკვდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკვდრისა.

1409. კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ჰფრეწდის, გაცუდდის, სიმაგრე ჯავშან-ქაფისა; სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახეს კაფისა, რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიკრეხე ციხეს სწრაფისა.

1410. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყვიტნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს; სთქვეს: “ტარიელ რა იქმნაო?” მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.

1411. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიელისა; ციხესა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა; მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა, ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტვერისა.

1412. ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული, თავით ფერხამდი დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული, ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული; ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: “საქმე არს მისეული.”

1413. გზანი დახვდეს შეკაზმული, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა; ჰნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა, მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკვრა თმისა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

1414. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნენ; ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნენ; მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდენ და შუქნი არნენ, აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნენ.

1415. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი, კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი; აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი, მას მზესა მისცეს სალამი, წარდგეს მართ ვითა ხმობილნი.

1416. მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა, აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა, მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა, ორივე ერთგან უბნობდეს ტურფითა საუბარითა.

1417. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს, მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოკითხეს; არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს, თავნი მათნი გაალომნეს, მათნი მბრძოლნი იშვლეს, ითხეს.