ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

1302. აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა! გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა, ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა; რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა.”

1303. ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი, რა დასწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი; თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა წვერი; ალვისაგან სული მოჰქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.

1304. იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი, წამ-ერთ მიჰხდა ფატმანისსა, დღე იარა არ მრავალი; რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი, ხელ-აპყრობით ღმერთსა ჰმადლობს, ცნობა-სრული, არა მთვრალი.

1305. ფატმანს უთხრა: “გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი, დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი; წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი, ფიცხლად ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი.”

1306. ხათუნმან უთხრა: “ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების; მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების; ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების, თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების.”

1307. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მასთანა ხლებულნი; უბრძანა: “მკვდარნი აქამდის, აწღა ვართ დაცოცხლებულნი, რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გახარებულნი; ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი!

1308. მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ ნაცქაფავი; მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი; მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი; თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.

1309. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები; მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები; აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები; ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი ამად გეძუნწები.

1310. სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა;” მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა; უბრძანა: “წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა, ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმად ნაფიცარისა.”

XXXVII. წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონის წინაშე.

1311. დაჰსწერა: “ფრიდონ მაღალო, სვე-სრულო მეფეთ-მეფეო, ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო, მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო, უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!

1312. ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა ნაცვალი ჭირნახულისა, კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა; მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა, დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს დამარხულისა.

1313. იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია; მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუმცა გზა საომარია. ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია; ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.

1314. გულ-მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების, სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების; რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების, არ თურე კაცმან დაგიდგას, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების.

1315. აწ შემინდევ; ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე, გზა-გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრად ა იგი მთვარე; ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე, ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე.

1316. “ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია; ამოდ მმსახურეს, თქვენიმცა გული ამათთვის სრულია, ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხან-დაზმულია: მზგავსი ყველაი მზგავსსა ჰშობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.”

1317. ესე უსტარი დაჰსწერა, შეკრა და წაცახვია მან, მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან; შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა სრულად, მართ ვითა ჰგია, მან; მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.

1318. მონახა, ჰპოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა, გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა; მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მწუხარისა; მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.

1319. ფატმან, უსენ და მონანი სტირან ცრემლითა ცხელითა; იტყვიან: “მზეო, რა გვიყავ? დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა, რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა? დაცაგვმარხეო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა!”

XXXVII. წასლვა ავთანდილისა გულანშაროით, და ტარიელის შეყრა.