ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

1574. სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს, ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

1575. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ჰხადოდიან, “თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, – მართ ამას მოიტყოდიან, ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1576. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა: “რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა! აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა ერთსა წილსა ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1577. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე, მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე”. ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: “შენგანაო ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე!”

1578. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვეს ცოტაი დღენია, თამაშობდიან, უსახო მოუდიოდეს ძღვენია; რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია! მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1579. ტარიელ სცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა; უბრძანებდა: “გული, შენი, ვიცი, ამად მომემდურვა, აწ ვაგლახ მე, ჭირი შენნი გონებამან შვიდი თუ რვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა!”

1580. კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედა-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა, სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა, თქვენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა.”

1581. როსთენისთვის წაატანა საძღვნოდ ტურფა ჯუბაჩები, კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები: “ჩემმაგიერ მიუტანე, წადი, ნურას მეურჩები;” ავთანდილ სთქვა: “არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!”

1582. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი – წამღებელმან ვერა თქვას თუ: “ცუდად ვზიდე – ღამე მზეებრ განანათლოს, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.

1583. ავთანდილ შესჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა, სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყვის: “მომკლაო სოფლისა მე სამსალამა!”

1584. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის-თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი, ავთანდილ მიჰხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1585. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ნახა მზე მისი, მირიდა მისთა სურვილთა წყენამან, მას თანა ტახტსა დავესჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან, გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1586. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს. ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა დავეწყლულდეს, მოიმატეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1587. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

1588. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა; გარდაჰხდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა! ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა; ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა დაბისა.

1589. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა დამამაგრებლად.

1590. დავითის ქნანი, ვითა ვთქვნე, სიჩალხე-სიხაფეთანი! ესე ამბავნი უცხონი უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვპოვე და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

1591. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი, რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ? _ ბედია მაყივნებელი?! ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

1592. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა, ტარიელ მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.