ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

1340. ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან, ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან, მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ჰყივიან: სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან.

1341. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია, ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედან, მართ ვითა ხელია, მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია; იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია!

1342. ტარიელ ჰნახა ნაწერი კვლაცა მკვლელისა მისისა, იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა, დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა; ავთანდილ ადგა, დაუწყო, თხრობა სიტყვისა მქისისა.

1343. იტყვის თუ: “ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად, აწ რადღა გვმართებს ტირილი? ხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისად, ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წარხდომილისად! ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად.

1344. ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ, მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ, ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ, უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ.”

1345. მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა; შეჰხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა, მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა, ვინ ღირსა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა.

1346. ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა: “მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა! ვითა ზე-მთისა წყარომან, მოჰრწყე ყვავილი ბარისა, დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა”.

1347. მე ვერა გიყოფ ნაცვალსა, ღმერთი გარდგიხდის ციერი, ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემ-მაგიერი!” შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი; აწ გა-ვე-აძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.

1348. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ ბარგოსანი, შეხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი, – - ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი – მაშინვე იცნა, ავარდა შიშველი, პერანგოსანი.

1349. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა, აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა; ზარ-აღებული ავარდა, ცნობა უძს, ვითა მთრვალისა, არ იცის სმენა ამბისა ჯერ მისგან სასურვალისა.

1350. მათ რა ჰნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით: “ჰე, ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით; ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გწადდა, იგი ვქმენით; აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!”

1351. ავთანდილ ცხენსა გარდაჰხდა ასმათის მოსახვეველად; მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად; ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად, “რა სცანო, რა ჰქმენო, მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად.”

1352. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა, ალვისა შტო-დამჭნარისა, მთვარისა ფერ-მიხდილისა; უთხრა თუ: “ჰნახე ნაწერი მის პატიჟ-გარდახდილისა; მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა”.

1353. ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა, გაჰკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა, ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა; იტყვის: “რა ვნახე, რა მესმის? არსმცა ამისი მრთელობა?!-

1354. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია: ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია, მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია, ბოროტსა სძლია კეთილმან, – არსება მისი გრძელია;”

1355. ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა; ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა; ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა, კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა.

1356. ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, სთქვეს: “გვიყოო, რაცა სჯობდა, აწღა ვცანით, უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა,” ინდოთ მეფე ხელგანპყრობით მხიარული ამას ჰხმობდა; ქვაბს შევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა.

1357. ტარიელ ეტყვის ავთანდილს: “ისმინე სიტყვა ასები, გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები: მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები.

1358. მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია; მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია,” ეამა, ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია: დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედან ომია.

1359. ჰპოვეს საჭურჭლე უსახო, კვლავ უნახავი თვალისა, მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ-წმიდად განათალისა, ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა, ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა!