ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

1535. ორთავე ხელი მოჰკიდეს და დაჰსვეს ტახტსა თავისსა; გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა; უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა; ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრთა, ნუცა თუ რამინს და ვისსა.

1536. ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა, ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე და გამო გულმან კრთომა; მეფე ეტყვის: “შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა, ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა.

1537. აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა, სვე-სვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა, ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა, თქვენის ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!”

1538. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება: “ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება, დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე სიბერე, ვითა სნება, ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება.”

1539. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს, მოახსენეს: “მიწად ვექმნნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს, მორჩილ-ქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს, მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს.”

1540. ტარიელც უთხრა ქებითა იმედისა გადიდება; ქალსა ეტყვის: “შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება, ქმარი შენი ძმაა ჩემი, მწადს აგრევე თქვენი დება, ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება.”

XLIII. აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთ მეფისაგან.

1541. მას დღე ავთანდილ ხელმწიფედ ზის და ხელმწიფე ზენია, მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია; ნესტან-ჯარ ახლავს თინათინს, მჭვრეტთა ამაზრზენია; ჰგავს თუ, ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ორნი მზენია.

1542. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა, ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა, შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა, მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა, მზისა მზგავსისა.

1543. იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები, კვლა უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები, მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები, მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: “ნუ აეხსნები, იქ ები!

1544. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა; შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბალახშისა თლილისა; მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა, ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.

1545. არა დარჩა უსაბოძვრო, არ კოჭლი და არ საპყარი; მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი; გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი; სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი.

1546. ხვალისა მეფე არაბთა კვლა პურობს, არ ღაფალია; ტარიელს უთხრა: “შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია. მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია; ჰხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია”.

1547. აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად;” სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად, ქვემოდ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად; პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.

1548. არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ მასპინძლობასა, ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა, გასცემს და უქებს ყოველნი უხვობა-იეფობასა; ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული თვით მეფობასა.

1549. მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა, სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა; რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.

1550. კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა, ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედლისა, კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი მტრედისა, ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა.

1551. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ-შედგმული, ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული. ინდოთ მეფე თაყვანი-სცემს ლაღი, ბრძენი, არ მახმული, მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო-სმული.

1552. რას ვაგრძელებდე, გარდაჰხდეს დღენი ერთისა თვისანი; თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი, ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი, მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.

1553. ტარიელ გვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად; ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად; შესთვალა: “შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად, მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად.