ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1356. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია; ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია, მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია, ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!”

1357. ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა; ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა; ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუმცა კაცი შეიგებდა.

1358. ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს: “ გვიყოო, რაცა სჯობდა" აწღა ვცანით, უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა”. ინდოთ მეფე მხიარული ხელგანპყრობით ამას ხმობდა. ქვაბს შევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა.

1359. ტარიელ ეტყვის ავთანდილს: “ისმინე სიტყვა ასები, გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბვედ ნუ გენასები: მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირნაფასები.

1360. მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია; მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია”. ეამა, ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია, დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია.

1361. პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა, მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელწმიდად განათალისა, ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა; ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა!

1362. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი. პოვეს ერთი ზარდახანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი; მუნ აბჯარი ყოვლიფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი, შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდული, არგახსნილი.

1363. ზედა ეწერა: “აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხრმალი ბასრისა, მჭრელიო; თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო! უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკლველიო”.

1364. კიდობანი გახსნეს, პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი, რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი: ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი მგვანი, — ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი.

1365. თითომან თითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან, ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარი მართ ვერა ვერ მოჰკიდიან; ხრმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან, მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყვე, არ გაჰყიდიან.

1366. თქვეს: “ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა; ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა”. აიღეს იგი აბჯარი თავის-თავისა ქედითა, თითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.

1367. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები; გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები. ავთანდილ თქვა: “ამას იქით დავამაგრო ხრმალსა ნები, ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები”.

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასვლა ფრიდონისასა

1368. რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა, ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა; მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა; ავთანდილ კმა ყოლაუზად, სხვა - მცა ვინღა წაიტანა!

1369. იარეს და ზედან შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა; ჯოგი ნახეს, მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა. მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: “გაქნევ კარგთა სიშმაგეთა, მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა!

1370. ჯოგი წაუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად, გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად, ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, გულსა შელამის დაღებად, — ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შე-ვე-იქს ლაღებად”.

1371. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა. მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა; უყივლეს: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქთ საქმესა ზესებსა? ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა”.

1372. მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს. მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს: “გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!” ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დარიდნეს.

1373. შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა. ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზრვიდა; დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1374. რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა: “ვნახეო, ვინცა მინა”. მუზარადი მოიხადა, გაიღიმა, გაიცინა; ფრიდონს უთხრა: “რასა ლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა? პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!”