... (Q-1541), 1712 წ.

1348. ავთანდილ ასმათს უსტარი ,მისცა მისისა ზრდილისა჻ ალვისა შტოდამჭნარისა, მთვარისა ფერმიხდილისა჻ უთხრა თუ ნახე ნაწერი, მის პატიჟგარდახდილისა჻ მზე მოგვეახლა მოგვეცა, ჩვენ მოშორვება ჩრდილისა჻

1349. ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა჻ გაკვირდა ზარმან აიღო, ათრთოლებს ვითა ხელობა჻ ტერფით თხემამდის გაუხდა, მას მეტი საკვირველობა჻ იტყვის რა ვნახე რა მესმის, არსმცა ამისი მრთელობა჻

1350. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია჻ ლხინი მოგვეცა მოგვშორდა, ყოველი ჭირი ძნელია჻ მზე მოგვეახლა უკუნი, ჩვენთვის აღარა ბნელია჻ ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია჻

1351. ინდოთ მეფე მხიარული, ასმათს რასმე უბრძანებდა჻ ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა჻ ვარდსა ზედა ყორნის ბოლო, ნამსა თხელსა აპკურებდა჻ კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა჻

1352. ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა჻ აწყა ვცანით უარესსა, პირი თქვენი არ გაბრჭობდა჻ ინდოთ მეფე მხიარული, ხელგანპყრობით ამას ხმობდა჻ ქვაბს შევიდეს მხიარული, ასმათ რასმე მასპინძლობდა჻

1353. ტარიელ ეტყვის ავთანდილს, ისმინე სიტყვა ასები჻ გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები჻ მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები჻ მას აქათ მათი აქა ძეს, საჭურჭლე ძვირნაფასები჻

1354. მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია჻ მოდი და გავხსნათ შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია჻ ეამა ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია჻ დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია჻

1355. პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა჻ მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელწმიდად განათალისა჻ ჩნდის მარგალიტი ოდენი, ბურთისა საბურთალისა჻ ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა჻

1356. იგი სახლი ორმოცივე, შიგან იყო გატენილი჻ პოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი჻ მუნ აბჯარი ყოვლიფერი, ასრე იდვა ვითა მწნილი჻ შიგან ერთი კიდობანი, დაბეჭდილი არგახსნილი჻

1357. ზედა ეწერა აქა ძეს, აბჯარი საკვირველიო჻ ჯაჭვმუზარადი ალმასი, ხმალი ბასრისა მჭრელიო჻ თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო჻ უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკვლელიო჻

1358. კიდობანი გახსნეს პოვეს, მუნ აბჯარი სამი ტანი჻ რასაცა ვით შეიმოსენ, მეომარნი სამნი ყმანი჻ ჯაჭვი ხრმალი მუზარადი, საბარკული მათი გვანი჻ ზურმუხტისა ბუდებითა, იყვნეს ვითა ლუსკუმანი჻

1359. თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან჻ ჯაჭვმუზარადსა აბჯარსა, მართ ვერა ვერ მოჰკიდიან჻ ხმალი რკინისა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან჻ მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყევ არ გაჰყიდიან჻

1360. თქვეს ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა჻ ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა჻ აიღეს იგი აბჯარი, თავისთავისა ქედითა჻ თვითო მათ ერთი ფრიდონის, საძღვნობლად შეკრეს ღვედითა჻

1361. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები჻ გამოვიდეს გამობეჭდეს, ორმოცივე საჭურჭლები჻ ავთანდილ თქვა ამას იქით, დავამაგრო ხრმალთა ნები჻ ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს არ დავდგები჻

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა჻

1362. რა გათენდა გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა჻ ნურადინის ქვეყანამდის, შეისვიან მათ უკანა჻ მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად, ცხენი მისცა არ უძღვანა჻ ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა჻

1363. იარეს და ზედან შეხდეს, ნურადინის მეჯოგეთა჻ ჯოგი ნახეს მოეწონა, ფრიდონისთვის ეაგეთა჻ მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის, გაქნევ კარგთა სიშმაგეთა჻ მოდი ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა჻

1364. ჯოგი წავუღოთ მოსრულნი, ვესმით ჯოგისა წაღებად჻ გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად჻ ანაზდად გვიცნობს გაკრთების, გულსა შელამის დაღებად჻ ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შევიიქმს ლაღებად჻

1365. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა, ფრიდონის უკეთესებსა჻ მუნ მეჯოგეთა ფანოსი, შეექმნა ეკრა კვესებსა჻ უყივლეს ვინ ხართ მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა჻ ჯოგი მისია ვინ მტერსა, ჰკრავს ხრმალსა არ აკვნესებსა჻

1366. მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს჻ მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს჻ გვიშველეთო გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს჻ ხმა შეიქმნა შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს჻