... (Q-1541), 1712 წ.

1462. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის, მორჭმული ღმრთისა ნებითა჻ საკრძალავი და უკადრი, ლაღი არვისგან ვნებით ა჻ არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა჻ მას ზედა შველა რად მინდა, რად მეჭვ რასაცა თნებითა჻

1463. რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი჻ ღმერთი იწადებს მომივლენ, გულის სახმილთა ლხენანი჻ მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა, მზისა ელვათა ფენანი჻ უმისჟამისოდ ცუდნია, ჩემგან მი და მო რბენანი჻

1464. მიდი და ჰკადრე ტარიელს, პასუხი ჩემგან თხრობილი჻ მადლი რად უნდა მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი჻ ვარ მუცლითგანვე დედისა, თქვენად სამონოდ შობილი჻ ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი჻

1465. გებრძანა შეყრა მწადიან, საყვარელისა შენისა჻ ეგე არს მსგავსი გულისა, ლმობიერისა თქვენისა჻ მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა჻ მიჯობს მოლოდნა საქმისა, მის განგებისა ზენისა჻

1466. ესეა ჩემი საწადი, და ჩემი მოსანდომარე჻ ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე჻ გვერდსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე჻ მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე჻

1467. რა გამისრულდენ ესენი, ჩემნი გულისა ნებანი჻ მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი჻ ოდესცა სწადდეს დამივსნეს, ამა ცეცხლისა დებანი჻ სხვად თქვენგან არა არ მინდა, მძულან რასაცა თნებანი»჻

1468. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს, ესე სიტყვანი ყმისანი჻ მან ბრძანა მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი჻ ვითა მან პოვნა მიზეზნი, ჩემისა სულთა დგმისანი჻ ეგრევე მანცა სამისოდ, ნახნეს ძალგულნი ძმისანი჻

1469. მიდი უთხარ ჩემ მაგიერ, სიტყვა ჩემგან არნათნები჻ მე შენისა გამზრდელისა, უნახავად არ დავდგები჻ ვეჭვ მრავალი დამეხოცოს, მონა მისგან საყვარლები჻ ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები჻

1470. ესე უთხარ ამის მეტსა, მოციქულობ ნურას ნუო჻ ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო჻ მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო჻ ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო შევაგუო»჻

1471. უამბო ფრიდონ ავთანდილს, ტარიას მოციქულობა჻ არ დადგებისო ცუდია, შენგან ცდისაღა თქმულობა჻ მას დაუმძიმდა მოედვა, კვლა გულსა კვამლალმულობა჻ ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა჻

1472. ავთანდილ მივა მუხლმოყრით, ტარიას შესახვეწელად჻ ფერხთა ეხვევის აკოცებს, აღარ შეხედავს ზე წელად჻ ეტყვის კმა რაცა შევსცოდე, როსტანს წლეულად მე წელად჻ კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა, გამტეხლად დაცამლეწელად჻

1473. რასაცა ლამი არ მოგცემს, მას ღმრთისა სამართალია჻ გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო, მე საქმე სამუხთალია჻ მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერნამკრთალია჻ ვით მოიხმაროს მონამან, პატრონსა ზედა ხრმალია჻

1474. ეგე საქმე მე და ჩემსა, საყვარელსა შეგვამდურვებს჻ ვა თუ გაწყრეს გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს჻ ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს჻ შენდობასა ხორციელი, კაცი ვერა დამიურვებს჻

1475. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქნაფენამან჻ ხელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა ააყენა მან჻ მიყოო კარგი ყველაი, მომართებამან შენამან჻ მაგრა სჯობს შენცა გალხინოს, ჩემმან შენითა ლხენამან჻

1476. დია მძულს მეტი მოყვრისა, შიში კრძალვა და რიდობა჻ მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულმძიმობა დიდობა჻ თუ მოყვარეა გულისა, ქმნას ჩემკენ მონაზიდობა჻ თვარა მე ჩემდა იგ მისდა, დია სჯობს კიდისკიდობა჻

1477. მე ვიცი გული საშენოდ, შენისა საყვარელისა჻ არ ეწყინების სტუმრობა, შენისა მე შემყრელისა჻ რადმცა რა ვჰკადრე მეფესა, თხრობა რასაცა ჭრელისა჻ ოდენ ნახვისა მათისა, ნატრა მაქვს სანატრელისა჻

1478. ამას ოდენ მოვახსენებ, მუდარით და შეპოვნებით჻ რომე მოგცეს ქალი მისი, მან მისითა მოგონებით჻ რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით჻ დააშვენეთ ერთმანერთი, თავისთავის ნუ დასჭნებით჻

1479. რა ავთანდილ ტარიასგან, ცნა წასლვასა არ დაშლიდა჻ არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა რთვიდა჻ ფრიდონ კაცსა დარჩეულსა, სათანაოდ გარდასთვლიდა჻ თანა წაჰყვა განაღამცა, მათთანავე გზასა ვლიდა჻

სამთაგან ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა჻

1480. ამ საქმესა დაფარულსა, ბრძენი დივნოს გააცხადებს჻ ღმერთი კარგსა მოავლინებს, და ბოროტსა არ დაბადებს჻ ავსა წამერთ შეამოკლებს, კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს჻ თავსა მისსა უკეთესსა, უზადოჰყოფს არ აზადებს჻