... (Q-1541), 1712 წ.

1309. იგი მზე ქაჯთა მეფესა, ჰყავს ქაჯეთს პატიმარია჻ მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუმცა გზა საომარია჻ ნარგისთათ წვიმა ბროლისა, წვიმს ვარდი ნაწვიმარია჻ ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია჻

1310. გულმხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების჻ სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების჻ რაცა მოგინდეს უცილოდ, იქმთ იგი არ აგცილდების჻ არ თურე კაცმან დაგიდგნა, ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების჻

1311. აწ შემინდევ ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე჻ გზაგზა ყოვნად აღარა მცალს, პატიმრად ა იგი მთვარე჻ ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე჻ ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე჻

1312. ამა მონათა ჩემზედა, გარდაუხდელი გულია჻ ამოდ მმსახურეს თქვენიმცა, გული ამათთვის სრულია჻ ქება რად უნდა მას ვინცა, თქვენთანა ხანდაზმულია჻ მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია჻

1313. ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წაცახვია მან჻ მისცა ფრიდონის მონათა, ვარდმან და თმითა იამან჻ შესთვალა ზეპირ რაცა ხმდა, სრულად მართ ვითა ჰგია მან჻ მათ მარგალიტი უჩვენის, ძოწისა კარმან ღიამან჻

1314. მონახა პოვა ავთანდილ, ნავი მისისა მხარისა჻ გამოემართა იგი მზე, პირითა სავსე მთვარისა჻ მაგრა დაგდება უმძიმდა, ფატმანის გულმწუხარისა჻ მისთა გამყრელთა ნაკადი, ჩასდის სისხლისა ღვარისა჻

1315. ფატმან უსან და მონანი, ტირან ცრემლითა ცხელითა჻ იტყვიან მზეო რა გვიყავ, დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა჻ რად დაგვაბნელენ შენისა, მოშორვებისა ბნელითა჻ დაცაგვმარხენო ხელითა, ჩვენისა დამმარხველითა჻

წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა჻

1316. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ, მგზავრითა რათმე ნავითა჻ პირმხიარული აცორვებს, მართ ოდენ მარტო თავითა჻ მას შეყრა ტარიელისა, უხარის მით ამბავითა჻ ხელგანპყრობილი გულითა, არს ღმრთისა საესავითა჻

1317. მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა჻ ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა჻ ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა჻ სულთქვნა რა ნახა ყვავილი, მან უნახავმან ხანისა჻

1318. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა჻ ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა჻ უბრძანა გიჭვრეტ თვალითა, გულტკბილად შემხედვარითა჻ მისად სანაცვლოდ მოვილხენ, თქვენთანა საუბარითა჻

1319. რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი჻ ტარიელისკენ იარნა მან, გზანი საწყინარენი჻ უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი჻ სადაცა ნახის დახოცნის, ლომვეფხნი მოშამბნარენი჻

1320. ქვაბნი გამოჩნდეს ეამა, იცნა თქვა იგი კლდენია჻ სადაა ჩემი მოყვარე და, ვისთვის ცრემლი მდენია჻ ღირს ვარმცა ვნახო პირისპირ, ვუამბო რაცა მსმენია჻ არ მოსრულ იყოს რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია჻

1321. თუ მოსრულა უღონიოდ, შინა ხანსა არ დაზმიდა჻ მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა჻ სჯობს თუ შამბშამბ წავიარო, იგონებდა იხედვიდა჻ ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა჻

1322. მიაცორვებს და იმღერის, მხიარულითა გულითა჻ მართ სახელდებით უყივის, ხმითა მით სიხარულითა჻ ცოტაი წავლო გამოჩნდა, მზე სინათლითა სრულითა჻ შამბისა პირსა ტარიელ, დგა ხრმლითა მომახულითა჻

1323. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა჻ შამბისა პირსა ქვეითი, დგა ცხენი არა ხლებოდა჻ ყივილი ავთანდილისა, ესმოდა ეოცებოდა჻ შეხედნა იცნა გაიქცა, მისკე მირბოდა ხლდებოდა჻

1324. ხრმალი გასტყორცა ტარიელ, მიმართა მისსა ძმობილსა჻ ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა჻ მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელგარდაჭდობილსა჻ ხმა შაქრისფერად გაუხდა, ვარდსა ხშირხშირად პობილსა჻

1325. ტარიელ მოთქვა ტირილით, სიტყვა ნატიფი მჭევრები჻ სისხლისა ღვარმან შეღება, წითლად გიშრისა ტევრები჻ ალვასა წყარო ცრემლისა, მორწყავს ნაკადი ბევრები჻ რათგან შენ გნახე რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მევ რები჻

1326. ტარიელ ტირს და ავთანდილ, სიცილით ეუბნებოდა჻ გაღიმდის ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა჻ ეტყოდა ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა჻ აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა჻

1327. ტარიელ უთხრა ჰე ძმაო, კმა არს დღეს რაცა მლხენია჻ ყოველი ჩემი სალხინო, მინახავსნახვა შენია჻ სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია჻ კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაც არა საქმე ზენია჻