... (Q-1541), 1712 წ.

1233. გვირაბის კარსა ნიადაგ, მოყმე სცავს არ პირნასები჻ ათი ათასი ჭაბუკი, დგას ყველაკაი ხასები჻ ქალაქის კართა სამთავე, სამათასსამათასები჻ გულო გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და გლახ რას ები჻

1234. ესე ამბავი ავთანდილ, პირმზემან მაგარვადამან჻ რა მოისმინა ეამა, სხვად არა გაუცხადა მან჻ შესწირა ღმერთსა მადლობა, ტურფამან დანაბადამან჻ ამბავი ჩემი სალხინო, მითხარო ვისმანღა დამან჻

1235. ფატმანს უთხრა საყვარელო, კმა ხარ ჩემგან სასურველად჻ მე ამბავი სანატრელი, მომასმინე არ პირბნელად჻ მაგრა საქმე ქაჯეთისა, გამაგონე უფრო მრთელად჻ ქაჯნი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად჻

1236. მის ქალისა სიბრალული, ამანთებს და მიდებს ალსა჻ მაგრა ქაჯნი უხორცონი, რას აქნევენ მიკვირს ქალსა჻ ფატმან უთხრა მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა჻ არ ქაჯნია კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა჻

1237. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი჻ კაცნი გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი჻ ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი჻ მათნი შემბმელნი წამოვლენ, დამბრმალნი დაწბილებულნი჻

1238. იქმან რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ჻ ქართა აღძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვაზღვა დაამხობენ჻ ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ჻ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს ბნელსა ანათობენ჻

1239. ამისთვის ქაჯად უხმობენ, გარეშემონი ყველანი჻ თვარა იგიცა კაცნია, ჩვენებრვე ხორციელანი჻ ავთანდილ მადლი უბრძანა, ცეცხლნი დამივსენ ცხელანი჻ დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი჻

1240. გულითა ღმერთსა ადიდებს, ავთანდილ ცრემლთა მდენელი჻ თქვა ღმერთო გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი჻ ყოფილი მყოფი უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი჻ წყალობა თქვენი იჩქითად, არს ჩვენი გარდმომფენელი჻

1241. მის ამბისა ცნობისათვის, ცრემლით ღმერთსა ადიდებდა჻ ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა჻ ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყვარულსა იფერებდა჻ ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა჻

1242. მას ღამეს ფატმან იამა, ავთანდილთანა წოლითა჻ ყმა უნდოგვარად ეხვევის, ყელსა ყელითა ბროლითა჻ ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა჻ გული მხეცქმნილი გასჭრია, მხეცთავე თანა რბოლითა჻

1243. ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად჻ შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად჻ იტყვის თუ მნახეთ მიჯნურნო,იგი ვინ ვარდია ვისად჻ უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი, ბულბული მსგავსად ყვავისად჻

1244. მუნ ცრემლნი მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია჻ გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია჻ ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია჻ თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია჻

1245. გათენდა ბანად წავიდა, მზე სოფელს შუქნაკიდები჻ დიაცმან უძღვნა მრავალი, კაბა ყაბაჩა რიდები჻ მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი წმიდები჻ რაცა გეწადესო ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები჻

1246. ავთანდილ თქვა საქმე ჩემი, გავაცხადო ამა დღესა჻ სამოსისა ვაჭრულისა, ცმა აქამდის დაეწესა჻ მას დღე ყოვლი საჭაბუკო, შეიმოსა ტანსა მხნესა჻ მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა჻

1247. ფატმანს პური შეეკაზმა, ავთანდილის საწვეველად჻ ყმა შევიდა მოკაზმული, მხიარულად არ პირბნელად჻ ფატმან ნახა გაუკვირდა, ვაჭრულისა უმოსელად჻ შემოსცინა აგრე სჯობსო, შენთვის ხელთა სასურველად჻

1248. ფატმან მისსა შვენებასა, მეტისმეტად ჰკვირდებოდა჻ მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა჻ შეეტყვების არ მიცნობსო, ეგრე ვითა ყოვნდებოდა჻ თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჰვიდოდა჻

1249. პური ჭამეს გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა჻ ღვინოსმული მხიარული, დაწვა ამოდ დაიძინა჻ საღამოჟამს გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა჻ ფატმან უხმო მოდი მნახე, მარტო ვარო თავის წინა჻

1250. ფატმან მივიდა ავთანდილს, ხმა ესმა მისგან ოხისა჻ იტყოდა მომკლავს უცილოდ, ტანი ალვისა მო ხისა჻ გვერდსა დაისვა ბალიში, მისცა მისისა ნოხისა჻ ვარდისა ბაღსა უჩრდილობს, ჩრდილი წამწამთა ქოხისა჻

1251. ავთანდილ ბრძანა ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია჻ დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველნაკბენია჻ მაგრა აქამდის მართალი, შენ ჩემი არა გსმენია჻ ჩემნი მომკლველნი წამწამნი, შავნი გიშრისა ხენია჻

1252. გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა჻ მე ვარ სპასპეტი მაღლისა, მეფისა როსტევანისა჻ თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა჻ მაქვს პატრონობა მრავლისა, საჭურჭლე ზარადხანისა჻