... (Q-1541), 1712 წ.

1481. ფრიდონისით გაემართნეს, იგი ლომნი იგი მზენი჻ თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი჻ ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო, დაწყობილი დანათხზენი჻ მუნ ბალახშსა აშვენებდეს, სინატიფე სინაზენი჻

1482. იგი მზე უჯდა კუბოსა, და აგრე არონინებდეს჻ მინადირობდეს ნადირსა, მუნ სისხლსა დაადინებდეს჻ სადაცა დახვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს჻ მოეგებნიან სძღვნობდიან, აქებდეს არ აგინებდეს჻

1483. მას ჰგვანდეს თუმცა სამყაროს, მზე უჯდა შუა მთვარეთა჻ იარნეს დღენი მრავალნი, ლაღთა ბრძნად მოუბარეთა჻ შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაცმიუმხვდარეთა჻ სად ყოფილიყო ტარიელ, მიხვდეს მის კლდისა არეთა჻

1484. ტარიელ ბრძანა მე მმართებს, დღეს თქვენი მასპინძელობა჻ მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა჻ მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა჻ მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა჻

1485. მივიდეს შიგან გარდახდეს, ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა჻ ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობაკვეთასა჻ ამხანაგობდეს ლაღობდეს, წასლვასა მათ საქმეთასა჻ ღმერთსა მადლობდეს შეცვლასა, ლხინად ჭირისა დღეთასა჻

1486. მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი჻ პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი჻ ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი჻ არ იტყვიან არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულნაკლულნი჻

1487. უბოძა ტურფა მრავალი, მათ მათი შესადარები ჻ კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყუა თუ სპასალარები჻ აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათთანა ნარები჻ მაგრა ძეს რომე საჭურჭლე,ჰგვანდა კაც დაუკარები჻

1488. ფრიდონს უთხრა ვალი შენი, ჩემგან ძნელად გარდიხდების჻ მაგრა თქმულა კარგის მქმნელი, კაცი ბოლოდ არ წახდების჻ აწ საჭურჭლე რაზომიცა, აქა ძეს და ან იდების჻ შენი იყოს ყუელაკაი, შენ წაიღე ვითა გხვდების჻

1489. ფრიდონ მდაბლად თაყვანისცა, ჰკადრა მადლი მეტისმეტი჻ მე მეფეო რად გგონივარ, უჭკუო და აგრე რეტი჻ მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი჻ ჩემი ლხინი მუნამდისა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი჻

1490. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა, მოსასხმელად აქლემისად჻ სახლსა მისსა მისაღებლად, მის ყველასა საჭურჭლისად჻ აწ მუნითცა გაემართნეს, არაბეთით მივლად გზისად჻ ავთანდილა გალეული, შესაყრელად მთვარე მზისად჻

1491. მიხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები჻ დახვდა სოფლები ციხები, ხშირხშირად თანის თანები჻ მუნ შიგან მყოფსა ემოსა, ტანსა ლურჯი დამწვანები჻ ავთანდილისთვის ყველაი, ცრემლითა არს ნაბანები჻

1492. ტარიელ კაცი გაგზავნა, წინაშე როსტან მეფესა჻ შესთვალა გკადრებ მეფეო, სურვილთა სიიეფესა჻ მე მოვალ მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა჻ გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭკუელს მოუკრეფელსა჻

1493. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა, ნახვა მიწისა შენისა჻ ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა჻ მე შენთა სპათა ვაჩვენე, ნიშანი რამე წყენისა჻ დავხოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქვენისა჻

1494. აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია჻ შემინდოთ რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია჻ ძღვენი არა მაქვს მმოწმობენ, ფრიდონ და მისნი ყმანია჻ ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ, მე თქვენთვის მომიტანია჻

1495. რა მიუვიდა მეფესა, მახარობელი ჟამისა჻ ვით გაეხარნეს ვერ იტყვის, ენა ერთისა წამისა჻ თინათინს ღაწვთა ემატა, ელვა შუქისა სამისა჻ ბროლსა და ლალსა აშვენებს, მუნ ჩრდილი წარბწამწამისა჻

1496. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა, ხმა მაშინ თქართქარებისა჻ ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქმნა სწადდა მათკე რებისა჻ დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა჻ შესხდა სიმრავლე მოყმისა, მკლავფიცხელ გულმაგრებისა ჻

1497. მეფე შეჯდა გაეგებნეს, თავადნი და სრულად სპანი჻ ვისცა ესმის მოვიდიან, მის წინაშე სხვაგნით სხვანი჻ ყველაკაი ღმერთსა მადლობს, გაამაღლნეს მათნი ხმანი჻ თქვეს ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია შენთვის მზანი჻

1498. რა ერთმანერთი აუჩნდა, მიგებულმოსაგებავთა჻ ავთანდილ ეტყვის ტარიელს, სიტყვათა დანაზებავთა჻ აგერა ხედავ მინდორთა, მტვერითა შეენაღებავთა჻ ამად მედების სახმილი, გულსა ეცხება ებავთა჻

1499. ისია ჩემი გამზრდელი, და თქვენდა მოგებებულა჻ იქი ვერ მივალ მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა჻ ჩემად არაკად სულდგმული, კაცი არ გაწბილებულა჻ რასაცა მიზამთ თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა჻

1500. ტარიელ უთხრა კარგსა იქმ, შენ პატრონისა კრძალვასა჻ აწ დადეგ იქი ნუ მოხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა჻ მე მივალ ვუთხრობ მეფესა, შენგან თავისა მალვასა჻ ვეჭვ ღმრთითა ადრე შეგყარო, მზესა მას ტანად ალვასა჻