... (Q-1541), 1712 წ.

1328. რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა჻ მის ამბისა დაყოვნება, ვეღარ გასძლო აუჩქარდა჻ გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა჻ რა ტარიელ ნახა იცნა, გამოუღო შემოვარდა჻

1329. წიგნი და კიდე რიდისა, იცნა და გაცაშალა მან჻ პირსა დაიდვა დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან჻ სულნი გაიქცნეს მოდრიკა, თავი გიშრისა ტალამან჻ მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი, ვერ კაენ ვერცა სალამან჻

1330. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვემდებარესა჻ შეფრინდა შველად მიმართა, მას ტკბილად მოუბარესა჻ ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლნადებარესა჻ მისთა ნიშანთა სიცოცხლე, მართ მისი მიიბარესა჻

1331. ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა჻ ყორანსა გაჰგლეჯს ხშირხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა჻ გახეთქა ლალი გათლილი, ანდამატისა კვერითა჻ მუნით წყარონი გამოხდეს, ძოწსა ვამსგავსენ ფერითა჻

1332. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი, ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა჻ რაცა ვქმენო არ უქმნია, არცა შმაგსა არცა რეტსა჻ წყალი სწრაფით რად დავასხი, ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა჻ ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს, გული ლხინსა მეტისმეტსა჻

1333. მე მოვკალ ჩემი მოყვარე, რა მმართებს გაწბილებულსა჻ თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა჻ ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს, საქმესა გაძნელებულსა჻ თქმულა სიწყნარე გმობილი, სჯობს სიჩქარესა ქებულსა჻

1334. უცნობოქმნილი ტარიელ, ძეს მსგავსად ნატუსალისად჻ ავთანდილ ადგა გამოვლნა, შამბნი საძებრად წყალისად჻ მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად჻ მკერდსა დაასხა გავეხდა, ლაჟვარდი ფერად ლალისად჻

1335. ავთანდილ მკერდსა დაასხა, მას ლომსა სისხლი ლომისა჻ ტარიელ შეკრთა შეიძრა, რაზმი ინდოთა ტომისა჻ თვალნი აახვნა მიეცა, ძალი ზე წამოჯდომისა჻ ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისგან შუქნაკრთომისა჻

1336. ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან჻ ზაფხულის მზისა სიახლე, დასწვავს გვალვასა ჩივიან჻ მაგრა მას ზედა ბულბულნი, ტურფასა ხმასა ყივიან჻ სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან჻

1337. აგრევე გული კაცისა, მოსაგვარებლად ძნელია჻ ჭირსა და ლხინსა ორსავე, ზედა მართ ვითა ხელია჻ მიწყივ წყლულდების საწუთრო, მისი აროდეს მრთელია჻ იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისი მტერია჻

1338. ტარიელ ნახა ნაწერი, კვლაცა მკვლელისა მისისა჻ იკითხავს თუცა აშეთებს, კითხვა წიგნისა მისისა჻ დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა჻ ავთანდილ ადგა დაუწყო, თხრობა სიტყვისა მქისისა჻

1339. იტყვის თუ ნაქმრად არ ვარგა, კაცისა გასწავლილისად჻ აწ რადღა გვმართებს ტირილი, ხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისად჻ ადეგ წავიდეთ საძებრად, მის მზისა წარხდომილისად჻ ადრე მიგიყვან მიყვანა, არს შენგან მონდომილი სად჻

1340. ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ჻ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ჻ ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ჻ უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ჻

1341. მერმე ტარიელ ამბავსა, ჰკითხავს აღარა ბნდებოდა჻ შეხედნის თვალნი ამართნის, შავთეთრი ელვა ჰკრთებოდა჻ მართ ვითა ლალსა მზისაგან, მას ფერი ეზარდებოდა჻ ვინ ღირს ა თუმცა წყალობით, ცა მიწყივ მობრუნდებოდა჻

1342. ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა჻ მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა჻ ვითა ზემთისა წყარომან, მორწყე ყვავილი ბარისა჻ დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა჻

1343. მე ვერა გიყო ნაცვალსა, ღმერთი გარდგიხდის ციერი჻ ზეგარდმოთ მისით შემოგზღოს, მუქაფა ჩემმაგიერი჻ შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი჻ აწ გავეაძღო სოფელმან, ასმათ ადრითგან მშიერი჻

1344. ქვაბისა კარსა ასმათი, მარტო ზის არბარგოსანი჻ შეხედნა იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი჻ ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი჻ მაშინვე იცნა ავარდა, მოშლილი პერანგოსანი჻

1345. აქამდის მიწყივ ენახა, ქვაბს მისლვა მოტირალისა჻ აწ გაუკვირდა დანახვა, სიცილით მომღერალისა჻ ზარაღებული ავარდა, ცნობა უც ვითა მთრვალისა჻ არ იცის სმენა ამბისა, ჯერთ მისგან სასურვალისა჻

1346. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს, სიცილით და კბილთა ჩენით჻ ჰე ასმათო მოგვივიდა, მოწყალება ღმრთისა ზენით჻ ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გვწადდა იგი ვქმენით჻ აწ გავხედით ბედისაგან, ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით჻

1347. ავთანდილ ცხენსა გარდახდა, ასმათის მოსახვეველად჻ მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად჻ ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად჻ რა სცანო რა ჰქმენ მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად჻