... (Q-1541), 1712 წ.

1213. როშაქ ბრძანა მოცავინმკლავს, მე ტირილსა არ დავხვდები჻ მინდორს წავალ ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები჻ შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები჻ მეფე დისა დატირებად, წავიდოდეს წაცავჰყვები჻

1214. გვითხრა მისთა ხელისათა, წავალ თანა წამომყევით჻ წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით჻ დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით჻ დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით჻

1215. მინდორ მინდორ მოვდიოდით, ჩვენ ღამესა დია ბნელსა჻ დიდნი რამე სინათლენი, გამოგვიჩნდეს შუა ველსა჻ ვთქვით თუ მზეა ნუთუ ზეცით, ჩამოჭრილი ზედა ხმელსა჻ დაბნეულნი მივეცენით, გონებასა ჩვენსა მსჯელსა჻

1216. ზოგთა ვთქვით არის ცისკარი, ზოგთა თქვეს არის მთვარეო჻ მას დარაზმულთა მივმართეთ, ახლოსმცა ვნახეთ ბარეო჻ შორს მოვუარეთ მივედით, შემოვადეგით გარეო჻ მით ნათლიდაღმა გამოხდა, ხმა ჩვენი მოუბარეო჻

1217. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო, თქვენ სახელნი თქვენი თქვენით჻ გულანშაროთ მოციქული, ქაჯეთს მივალ მერიდენით჻ ესე გვესმა მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით჻ პირმზე რამე ცხენოსანი, გავიცადეთ თვალით ჩვენით჻

1218. ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა჻ მისი ციმციმი მზისაებრ, ეფინებოდა არებსა჻ ძვირძვირად გვეუბნებოდა, სიტყვასა რასმე წყნარებსა჻ კბილთაგან შუქი შეადგა, ზედან გიშრისა სარებსა჻

1219. კვლა ვეუბენით მას მზესა, ტკბილმოუბრითა ენითა჻ არ მონა იყო ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა჻ როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა჻ აღარ გავუშვით დაჭირვა, ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა჻

1220. კვლა ვჰკითხეთ გვითხარ მართალი, საქმე შენ მზებრ ნათელისა჻ ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ, მანათობელი ბნელისა჻ მან არა გვითხრა გაუშვა, წყარო ცრემლისა ცხელისა჻ რა საბრალოა გავსილი, მთვარე ჩანთქმული გველისა჻

1221. არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი჻ არა არ გვითხრა ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი჻ ქუშქუშად გვეუბნებოდა, კუშტი თავისა მკრძალავი჻ ვითა ასპიტი მჭვრეტელთა, მისთა თვალითა მლალავი჻

1222. როშაქ გვიბრძანა ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არსათქმელია჻ ამისა საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია჻ ბედი მეფისა ჩვენისა, არსთაგან სანატრელია჻ მით რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია჻

1223. ესე ღმერთსა მისაგვრელად, მისად ჩვენთვის მოუცია჻ მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია჻ თუ დავმალავთ დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია჻ პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია჻

1224. მივემოწმენით თათბირნი, არ კიდე გავაკიდენით჻ დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ, მას წინა მოვეკიდენით჻ არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით჻ იგი ტირს ღაწვსა გულმდუღრად, ჩარცხის ცრემლისა კი დენით჻

1225. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი, კვლა ადრე თქვენი მხლებელი჻ აწ გულანშაროს ქალაქსა, ვარ საქმის რასმე მდებელი჻ მან გამომიშვა აქ სადმე, ლარი მიც წასაღებელი჻ თანა წავიტან წაცავალ, მე მათი ზედამსწრებელი჻

1226. მათ კაცთა დია ეამა, ესე ამბავი მონისა჻ მე გავიგონე შერემშრა, ნაკადი ცრემლთა ფონისა჻ მენიშნა ყოვლი ნიშანი, ვიცან ჩემისა ღონისა჻ ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა჻

1227. მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა჻ ვჰკითხე მითხარ რას იტყოდი, გაგონება მეცა მინა჻ მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა჻ ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულმობრძავი დამარჩინა჻

1228. მე ორნი შავნი მონანი, მყვანან სავსენი გრძნებითა჻ უჩინოდ წავლენწამოვლენ, მათითა ხელოვნებითა჻ მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი თუ ნუ დასდგებითა჻ მაცნობეთ მისი ამბავი, თქვენითა მოქმედებითა჻

1229. სამ დღე მოვიდეს მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა჻ მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა჻ ვერვის შეუდგმან საჭვრეტად, თვალნი მართ ვითა მზისადა჻ ქვე დაუწინდავს საცოლედ, როსან ცოტასა ყმისადა჻

1230. როსანს შევრთოთო დულარდუხტს, მეფესა უბრძანებია჻ ჯერ ქორწინებად არა მცალს, აწ გული ცეცხლნადებია჻ შემოვიქცევი შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია ჻ ციხეს დაუსვამს ხადუმი, ერთაი უახლებია჻

1231. ყოვლი მცოდნელი გრძნებისა, მას თანა წაუტანია჻ მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია჻ ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია჻ დაეყოვნების წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია჻

1232. ქაჯთა ქალაქი აქამდის, მტერთაგან უბრძოლველია჻ ქალაქსა შიგან მაგარი, კლდე მაღალი და გრძელია჻ მას კლდესა შიგან გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია჻ მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია჻