... (Q-1541), 1712 წ.

97. რა ცნა მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა჻ მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა჻ ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა჻ ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს, კვალსა მისგან წანარბენსა჻

98. კვალი ძებნეს და უკვირდათ, ვერპოვნა ნაკვალევისა჻ აგრე კვალწმიდად წახდომა, კაცისა ვითა დევისა჻ ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა჻ მეფემან ბრძანა ვნახეო, მიზეზი ლხინთა ლევისა჻

99. ბრძანა ღმერთსა მოეწყინა, აქანამდის ჩემი შვება჻ ამად მიყო სიამისა, სიმწარითა დანავღლება჻ სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალუც განკურნება჻ მასვე მადლი ესე იყო, წადილი და მისი ნება჻

100. ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა჻ არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა჻ ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა჻ ზოგთა თქვეს თუ მართლია, ზოგი ღმერთო უზრახვიდა჻

101. მეფე საწოლს შემოვიდა, სევდიანი დაღრეჯილი჻ მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩს ვითა შვილი჻ ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არდაჯრილი჻ გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი჻

102. თინათინს ესმა მამისა, ეგეთი დაღრეჯილობა჻ ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა჻ მოლარე უხმო უბრძანა, ძილია თუ უძილობა჻ მან მოახსენა დაღრეჯით, ზის სჭირსო ფერშეცვლილობა჻

103. ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა჻ უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამითა჻ თინათინ ბრძანა აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამითა჻ მიკითხოს ჰკადრე იყოთქო, აქა ერთისა წამითა჻

104. ხანი გამოხდა იკითხა, ნეტარ რასა იქმს ქალიო჻ ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო჻ მოლარე ჰკადრებს მოვიდა, აწყაღა ფერნამკრთალიო჻ დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა, წინაშე მომავალიო჻

105. უბრძანა თუ წადი უხმე, უმისობა ვით გავსძლეო჻ მოახსენე რად დაჰბრუნდი, შენ მამისა სიცოცხლეო჻ მოდი ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო჻ გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო჻

106. თინათინ ადგა მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა჻ უგავს პირისა სინათლე, მთვარისა მოვანებასა჻ მამამან გვერდსა დაისვა, აკოცებს ნებანებასა჻ უბრძანა მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა჻

107. ქალმან ჰკადრა ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს჻ ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს჻ თქვენნი აგრე დაღრეჯანი, მნათობთაცა დაამხობდეს჻ კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობდეს჻

108. უბრძანა შვილო რაზომცა, მჭირს საქმე სავაგლახია჻ შენი ჭვრეტა და სიახლე, ლხინადვე დამისახია჻ მომქარვებელი სევდისა, მართ ვითა მუფარახია჻ ვეჭვ რა სცნა შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია჻

109. უცხოსა და საკვირველსა, ყმასა რასმე გარდვეკიდე჻ მისმან შუქმან განანათლა, სამყარო და ხმელთა კიდე჻ რა უმძიმდა არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე჻ ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი წავეკიდე჻

110. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა჻ შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა჻ ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა჻ ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო თუ მეოცნა჻

111. აწ ესე მიკვირს რა იყო, ანუ რა ვნახე და რული჻ მან დამიხოცა ლაშქარი, ადინა სისხლი ღვარული჻ კაცად ხორცისად ვით ითქმის, ისრე თვალთაგან ფარული჻ უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი, აქამდის მე მხიარული჻

112. ტკბილნი მისნი წყალობანი, ბოლოდ ასრე გამემწარნეს჻ დამავიწყდეს რაცა დღენი, მხიარულსა წამეარნეს჻ ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს჻ სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს჻

113. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ, მე სიტყვასა დანაყბედსა჻ ჰე მეფეო რად ემდურვი, ანუ ღმერთსა ანუ ბედსა჻ რად დასწამებ სიმწარესა, ყოველთათვის ტკბილად მხედსა჻ ბოროტიმცა რად შეექმნა, კეთილისა შემოქმედსა჻

114. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი჻ შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანებამიუთხრობელი჻ გაგზავნე კაცი ყოველგნით, მისთა ამბავთა მცნობელი჻ ადრე სცნობ არის იგი ყმა, შობილი თუ უშობელი჻

115. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს, ოთხთავე ცისა კიდეთა჻ უბრძანეს წადით პატიჟთა, თავიმცა რად დარიდეთა჻ მონახეთ ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა჻ მისწერეთ წიგნი სადაცა, ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა჻

116. კაცნი წავიდეს იარეს, მართ ერთი წელიწადია჻ მონახეს ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია჻ ვერცა თუ ნახეს ნახული, ღმრთისაგან დანაბადია჻ ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია჻