... (Q-1541), 1712 წ.

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ, ტანითა მით კენარითა჻ თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა჻ წინა მიუსხდეს მუხლ მოყრით, პირითა მოცინარითა჻ ვეზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბარითა჻

60. დაგიღრეჯია მეფეო, აღარ გიცინის პირიო჻ მართალ ხარ წახდა საჭურჭლე, თქვენი მძიმე და ძვირიო჻ ყველასა გასცემს ასული, თქვენი საბოძვარ ჴშირიო჻ ყოლადმცა მეფედ ნუ დასვი, თავსა რად უგდე ჭირიო჻

61. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჴედნა჻ გაუკვირდა ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა჻ კარგა ქენო დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა჻ ჩემი ძრახვა სიძუნწისა, ტყუვის ვინცა დაიყბედნა჻

62. ეგე არ მიმძიმს ვეზირო, ესეა რომე მწყენია჻ სიბერე მახლავს დავლივე, სიყმაწვილისა დღენია჻ კაცი არ არის სითგანცა, საბრძანებელი ჩვენია჻ რომე მას ჩემგან ესწავლნეს, სამამაცონი ზნენია჻

63. ერთია მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა჻ ღმერთმან არ მომცა ყმა შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა჻ ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლავ ბურთაობითა჻ ცოტასა შემწევს ავთანდილ, ჩემგანვე განაზარდითა჻

64. ყმა მეფისა ბრძანებასა, ლაღი წყნარად მოისმენდა჻ თავ მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა჻ თეთრთა კბილთათ გამომკრთალთა, შუქსა ველთა მოაფენდა჻ მეფე კითხავს რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა჻

65. კვლავ უბძანა თავსა ჩემსა, რას იცინი რას დამგმეო჻ ყმამან კადრა მოგახსენებ, და ფარმანი მიბოძეო჻ რაცა გკადრო არ გეწყინოს, არ გარისხდე არ გასწყრეო჻ არ გამჴადო კადნიერი, არ ამიკლო ამაზეო჻

66. უბძანა რამცა ვიწყინე, თქმა შენგან საწყინარისა჻ ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა჻ ავთანდილ იტყვის დავიწყო, კადრება საუბარისა჻ ნუ მოკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა჻

67. მიწაცა თქვენი ავთანდილ, თქვენს წინა მშვილდოსანია჻ ნაძლევი დავსდვათ მოვასხნეთ, მოწმად თქვენივე სპანია჻ მოასპარეზედ ვინ მგავსო, ცუდიღა უკუთქმანია჻ გარდამწყვედელი მისიცა, ბურთი და მოედანია჻

68. მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა, მაგისა დაცილებასა჻ ბრძანე ვისროლოთ ნუ იქო, შედრეკილობა კლებასა჻ კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ, მოწმად ჩვენთანა ხლებასა჻ მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვის ძი უთხრობდენ ქებასა჻

69. ავთანდილცა დამორჩილდა, საუბარი გარდასწყვიდეს჻ იცინოდეს ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს჻ ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს჻ ვინცა იყოს უარესი, თავ შიშველი სამ დღე ვლიდეს჻

70. კვლავ ბრძანეს მონა თორმეტი, შევსხათ ჩვენ თანა მარებლად჻ თორმეტი ჩემად ისრისა, მამრთმელად მოსახმარებლად჻ ერთია შენი შერმადინ, არს მათდა დასადარებლად჻ ნასროლი ნაკრავსა სთვალვიდენ, უტყუვრად მიუმცდარებლად ჻

71. მონადირეთა უბრძანა, მინდორნი მოიარენით჻ დაცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით჻ ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს, მოდით და მოიჯარენით჻ გაყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით჻

როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა჻

72. დილასა ადრე მოვიდა, იგი ნაზარდი სოსანი჻ ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლბალახშოსანი჻ პიროქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი჻ მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრტაიჭოსანი჻

73. შეეკაზმა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს჻ მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს჻ ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს჻ ნაძლევისა მათისათვის, ისროდეს და ერთგან სრვიდეს჻

74. უბრძანა მონა თორმეტი, მოდით ჩვენთანა ვლიდითა჻ მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა჻ ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა჻ დაიწყო მოსლვა ნადირმან, ყოვლთა მინდორთა კიდითა჻

75. მოვიდა ჯოგი ნადირთა, ანგარიშმიუწვდომელი჻ ირემი თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლად მხლტომელი჻ მას პატრონყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი჻ აჰა მშვილდი და ისარი, და მკლავი დაუშრომელი჻

76. ცხენთა მათთა ნატერფალნი, მზესა შუქთა წაუხმიდეს჻ მიხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს჻ რა ისარი დაელივის, მონანიყე მოართმიდეს჻ მხეცნი მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს჻

77. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს჻ დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს჻ ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს჻ ავთანდილის შემხედველთა, ჰგავსო ალვას ედემის ხეს჻