... (Q-1541), 1712 წ.

1194. მის მთვარისა სადაობა, კვლა გიამბო საქმე კვლაცი჻ აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი჻ მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი჻ კაცსა დასვრის უგულობა, და დიაცსა ბოზი ნაცი჻

1195. მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი჻ ისი კაცი ჭაშნაგირი, დარბაზს იყო მეტად ხასი჻ ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი჻ ნეტარძი ვინ სისხლი მისი, შემახვრიტა ერთი თასი჻

1196. ესე ამბავი მას თანა, ვთქვი დიაცურად ხელურად჻ ჩემსავე მოსლვა მის მზისა, და გაპარება მელურად჻ გამჟღავნებასა მექადდა, არ მოყვარულად მტერულად჻ აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ თავი ვიხსენ მე რულად჻

1197. დამექადის რაზომ ჯერცა, წავიკიდნით თავის წინა ჻ ოდეს მეხმე არ მეგონა, მე იმისი ყოფა შინა჻ მოსრულ იყო მოსლვა ეთქვა, შენცა მოხვე შემეშინა჻ ამად გკადრე ნუ მოხვალო, მოგაგებე მონა წინა჻

1198. აღარ დაჰბრუნდით მოხვედით შუქნი თქვენ ჩემთვის არენით჻ შეიყარენით ორნივე, ჩემზედა დაიჯარენით჻ ამად შევშინდი ღონენი, ვეღარა მოვაგვარენით჻ იმას გლახ ჩემი სიკვდილი, გულითა სწადდა არ ენით჻

1199. თუცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა჻ შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა჻ მეფე მწყრალი გარდასწმედდა, სახლსა ჩემსა გარდაგვითა჻ შვილთა ღმერთო დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა჻

1200. მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, მადლსა გკადრებდე მე რასა ჻ რომელმან დამხსენ მშვიდობით, იმა გველისა მზერასა჻ აწ ამას იქით ვნატრიდე, ჩემსა ეტლსა და წერასა჻ აღარ ვიშიშვი სიკვდილსა, ჰაი ჩავიჭერ მე რასა჻

1201. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია჻ მოყვარე მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერია჻ არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია჻ ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია჻

1202. იგივე მითხარ მას აქათ, ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს჻ რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს჻ კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთა ცრემლი სდენოდეს჻ წარხდეს შუქნი რომელნი, მზისაებრ ველთა ჰფენოდეს჻

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ჻

1203. ვა საწუთროო სიცრუვით, თავი სატანას ადარე჻ შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე჻ პირი მზისაებრ საჩინო, სად უჩინო ჰყავ სად არე჻ მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა, ოხრად ჩანს ყოვლი სად არე჻

1204. ფატმან იტყვის მომეშორვა, მზე მნათობი სრულად ხმელთა჻ სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა჻ მას უკანით გაუწყვედლად, დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა჻ ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა჻

1205. სახლი და შვილი მომძულდა, ვჯდი უგულოთა გულითა჻ მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა჻ უსენ გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა჻ ვერ მიმიახლოს საახლოდ, კრულმან პირითა კრულითა჻

1206. დღესა ერთსა საღამოჟამ, ჩასლვა იყო ოდენ მზისა ჻ წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა჻ ვიგონებდი სევდა მკლვიდა, მისისავე გონებისა჻ ვთქვი კრულია ზენაარი, ყოვლისავე მამაცისა჻

1207. მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყვსითა სამითა჻ მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა჻ სასმელსაჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა჻ სმიდეს ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა჻

1208. მე ვუყურებდი ვუჭვრეტდი, თქვეს ამოდ გავიხარენით჻ მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი, უცხონი შევიყარენით჻ არცა რა ვიცით ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით჻ ხამს ერთმანერთსა ამბავი, ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით჻

1209. მათ სხვათა მათი ამბავი, თქვეს ვითა მგზავრთა წესია჻ მონამან უთხრა ჰე ძმანო, განგება რამე ზესია჻ მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია჻ ჩემი ამბავი ამბავთა, თქვენთაგან უკეთესია჻

1210. მე ვარო მონა მეფისა, მაღლისა ქაჯთა მფლობლისა჻ მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა჻ მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა჻ აწ შვილთა მისთა და მისი, ზრდის უკეთესი მშობლისა჻

1211. დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე ვითა ლოდია჻ ვისცა არ დაჰკოდს ყმა მისი, ვერავის დაუკოდია჻ მას უსხენ წვრილნი ძმისწულნი, როსან და ერთი როდია჻ აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ, ქვე ზის მორჭმული სწოდია჻

1212. გვესმა ამბავი ზღვათ იქით, სიკვდილი დისა მათისა჻ შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა჻ ვითა ვჰკადროთო, დავსება პირისა ხმელთა მნათისა჻ როშაქ მონაა თავადი, მონისა ბევრ ათასისა჻