... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

1269. მონასა ჰკითხა მიამბე: ვინ არის ჩემი მძებნელი჻ ანუ ვინ მიცის ცოცხალი: მიწასა ზედან მტკეპნელი჻ მან მოახსენა ვიკადრებ: რასაც ოდენ ვარ მცნებელი჻ რა წამოსრულ ხარ მას აქეთ: შენგან ჩვენია მზე ბნელი჻

1270. ფატმანის გული მას აქეთ: ლახვართა შენახევია჻ მას რომე ცრემლი სდიოდეს: ზღვათაცა შენართევია჻ მე ერთხელ შენი ამბავი: მისთვის კვლავ მიმირთმევია჻ ღ~თსა ვიმოწმებ მას აქათ: ტირილი არ დამლევია჻

1271. აწ ვინმე მოყმე მოვიდა: შვენიერითა პირითა჻ მან უთხრა წურილად ყუელაი: თქუენ ხართ რათაცა ჭირითა჻ იგია შენი მძებნელი: მკლავითა ვითა გმირითა჻ მე გამომგზავნეს დამვედრეს: სწრაფა სწრაფითა ხშირითა჻

1272. ქალმან უთხრა მემართლების: ყმაო შენი ნაუბარი჻ ფატმან ჩემი რა იცოდა: ვიყავ ვისი წანაგვარი჻ უღონიოდ არის სადმე: ჩემი ცეცხლთა მამდებარი჻ მე მიუწერ შენცა ჰკადრე: ვარ ვითამცა გულ მდუღარი჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი჻

1273. პირ მზე ვჰწერ აჰა ხათუნო: დედისა მჯობო დედაო჻ მისგან ტყუე ქმნილსა სოფელმან: რა მიყო ამას ხედაო჻ მე გლახ მათ ჩემთა პატიჟთა: სხვაცა დამერთო ზედაო჻ აწ ვნახე შენი უსტარი: მე დიდად მეიმედაო჻

1274. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა: გამიადვილე ჭირები჻ აწ ასრე სრულთა ქაჯთაგან: ვარ ასრე დანამჭირები჻ ერთსა მცავს ერთი სამეფო: ბევრჯელ ათასი გმირები჻ ავად მამიხდა თათბირი: და ჩემი დანაპირები჻

1275. სხვა ამბავი აქაური: მეტი რამცა მოგიწერე჻ ქაჯთა მეფე არ მოსულა: არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე჻ მაგრამ სპანი უთვალავნი: მცვენ და მათი სიალფერე჻ რასა ჰქვია ძებნა ჩემი: არ ეგების დაიჯერე჻

1276. ვინცაღა ჩემი მძებნელი: მოსრულა ცუდ მაშვრალია჻ იჭირვის იწვის ენთების: ჩემი ჰსწვავს ცეცხლებრ ალია჻ მაგრა მას ვნატრი უნახავს: მზე ამად არ დამზრალია჻ უმისოდ ჩემი სიცოცხლე: ვამე რა დიდი ბრალია჻

1277. შენ ამბავი არ გიამბე: მაშინ ამად დაგიმალე჻ ვერ იტყოდა ენა ჩემი: თავი ჭირთა გავაკრძალე჻ გეხვეწები საყუარელსა: შემახვეწე შემაბრალე჻ ნუ წამოვა ძებნად ჩემად: მიუწერე შეცასთვალე჻

1278. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს: ამისითავე სწორითა჻ მას მკვდარსა ვნახავ მოვჰკვდები: მე სიკვდილითა ორითა჻ ვერას ვინ მარგებს დასტურად: ვიცი არ რამე ჭორითა჻ არ დაგმორჩილდეს დამქოლე: შავისა ქვისა ყორითა჻

1279. გეთქუა ნიშნისა გაგზავნა: აწ ესე განამჟღავნია჻ მისეულთავე რიდეთა: ნაკვეთი გამიგზავნია჻ ესენი ჩემთვის მის გამო: ტურფანი სანახავნია჻ თუცა თუ ფერად ბედისა: ჩემისა მგზავსად შავნია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი჻

1280. აწ საყვარელსა მიუწერ: გულ ამოსკვნილი მტირალი჻ მისმანვე ცრემლმან დაუვსის: ვის ედებოდა ვის ალი჻ დაწერა წიგნი მსმენელთა: გულისა გასაგმირალი჻ ვარდი გააპის გამოჩნდის: მუნ ბროლი გამომჭვირვალი჻

1281. ჱე ჩემო ესე უსტარი: არს ჩემგან მონაღვაწები჻ ტანი კალმად მაქუს კალამი: ნაღველთა ამონაწები჻ მე გული შენი ქაღალდად: გულსავე ჩემსა ვაწები჻ გულო შავ გულო დაბმულხარ: ნუ აეხსნები აწ ები჻

1282. ხედავცა ჩემო სოფელი: რათა საქმეთა მქნელია჻ რაზომცა ნათობს სინათლე: ჩემთვის ეგრეცა ბნელია჻ ბრძენნი იცნობენ სწუნობენ: მით მათგან საწუნელია჻ უშენოდ ჩემი სიცოცხლე: ვამე რა დიდი ძნელია჻

1283. ხედავ ჩემო ვით გაგვყარნა: სოფელმან და ჟამმან კრულმან჻ ვეღარ გნახე საყვარელი: მხიარული მხიარულმან჻ ნეტარ რა ქნას უშენომან: გულმან შენგან დალახრულმან჻ გაგიცხადა დამალული: გონებამან დაფარულმან჻

1284. შენმან მზემან აქანამდის: შენ ცოცხალ არ მეგონე჻ ჩემი მეთქვა გარდასრულდა: სიცოცხლე და ყოვლი ღონე჻ აწ რა მესმა შემოქმედი: ვადიდე და ღ~თსა ვმონე჻ ჩემი ყველა აქანამდის: ჭირი ლხინსა შევაწონე჻

1285. შენი სიცოცხლე მეყოფის: ჩემად იმედად გულისად჻ გულისა ერთობ წყლულისა: და ასრე დადაგულისად჻ მამიგონებდი გახსოვდე: მე შენთვის დაკარგული სად჻ ვზი მზრდელი სიყვარულისა: მის შენგან დანერგულისად჻

1286. სხვად ჩემო ჩემი ამბავი: ჩემგან არ მოგეწერების჻ ენა დაშვრების მოსმენით: არვისგან დაიჯერების჻ ფატმან წამგვარა გრძნეულთა: ღ~თიმცა მის ეტერების჻ აწ კვლავ ქმნა იგი სოფელმან: რაცა მას შეეფერების჻