... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

1364. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი: ვესმით ჯოგისა წაღებად჻ გამოემართვის საომრად: ჴელთა სისხლისა დაღებად჻ ანაზდად გვიცნობს გაჰკრთების: გულსა შეელმის დაღებად჻ ამოა კარგი ლაღობა: ლაღსავე შეიქს ლაღებად჻

1365. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა: ფრიდონის უკეთესებსა჻ მუნ მეჯოგეთა ფანოსი: შეექნა ეკრა კვესებსა჻ უყივლეს ვინ ხართ მოყმენო: ვინ იქთ საქმესა ზესებსა჻ ჯოგი მისია ვინ მტერსა: ჰკრავს ჴრმალსა არ აკვნესებსა჻

1366. მათ მშვილდები დაიწვადეს: მეჯოგეთა გაეკიდნეს჻ მეჯოგენი მიიზახდეს: ჴმანი მათნი გაადიდნეს჻ გვიშველეთო გვიშველეთო: მეკობრეთა ამოგვწყვიტნეს჻ ჴმა შეიქნა შეიყარნეს: ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს჻

1367. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა: შეკაზმული გამოვიდა჻ ჴმა შეიქნა შეიყარნეს: რაზმი ველთა დაჰფარვიდა჻ იგი მზენი მოეგებნეს: ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა჻ დაეხურა ზარადები: პირსა მათსა უფარვიდა჻

1368. რა ტარიელ ფრიდონ იცნა: აწ ვნახეო ვინცა მინა჻ მუზარადი მოიჴადა: გაიღიმდა გაიცინა჻ ფრიდონს უთხრა რასა ლამი: ჩვენი მოსლვა რას გეწყინა჻ პურად ავი მასპინძელი: მოგვეგებვი ომად წინა჻

1369. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა: დავარდა და თაყვანის სცა჻ იგინიცა გარდაუჴდეს: მოეხვივნეს აკოცესცა჻ ფრიდონ ღ~თსა ჴელაპყრობით: უსაზომო მადლი მისცა჻ დიდებულნი აკოცებდეს: იცნობდიან იგი ვისცა჻

1370. ფრიდონ უთხრა რასა სდეგით: მოგელოდი უწინარე჻ მე მზა ვარო სამსახური: თქუენი რამცა დავიზარე჻ ჰგვანდა თუმცა შეყრილ იყვნეს: ორნი მზენი ერთი მთვარე჻ ერთმანერთი დააშვენეს: გაემართნეს იქცეს გარე჻

1371. ფრიდონის სახლსა გარდახდეს: ორნივე ტურფად გებულსა჻ ახლოს დაისვამს ავთანდილს: მისსა ძმად შეფიცებულსა჻ ტარიელ დაჯდა საჯდომსა: ოქსინო გარდაგებულსა჻ მათ უძღუნეს იგი აბჯარი: ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა჻

1372. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გვაქუს: სხვა შენთვის არმაღანია჻ მაგრა ტურფანი მრავალნი: ქვე სადმე გვისხენ სხვანია჻ მან დასდვა პირი მიწასა: არ დაიყოვნა ხანია჻ ჩემთვის ამისი ბოძება: არს თქვენი შესაგვანია჻

1373. გამოისვენეს მას ღამით: ფრიდონის მასპინძლობითა჻ აბანოს ბანნა აავსნა: შესამოსლისა ძღნობითა჻ დამოსნა ტურფა ტურფითა: ერთმანერთისა მჯობითა჻ თვალ მარგალიტი ღარიბი: უძღვნა ოქროსა გობითა჻

1374. უთხრა თუ ესე სიტყვაა: ავისა მასპინძელისა჻ ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა: თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა჻ მაგრა აწ ყოფნა არა ვარგა: წავლა სჯობს გზისა გრძელისა჻ თუ ქაჯნი მოგვესწრებიან: საეჭვი არს სიძნელისა჻

1375. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა: კარგნი გვინდან და ცოტანი჻ სამასი კაცი გვეყოფის: წავიდეთ მართ მეოტანი჻ ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა მეომრად: დავაგნეთ ჴრმალსა კოტანი჻ მას ადრე ვჰპოებთ ვისიცა: მოგვკლავს ალვისა მოტანი჻

1376. ქაჯეთს ერთხელ კვლაც ვყოფილვარ: ნახავთ თქვენცა გემაგრების჻ ყოვლგნით კლდეა გარეშემო: მტერი ვერა მოადგების჻ თუ იდუმალ არ შეუვალთ: ცხადად შებმა არ ეგების჻ მით ლაშქარი არად გვინდა: რაზმი მალვით ვერ მოგვყვების჻

1377. იგინიცა დაემოწმნეს: ამა მისა ნაუბარსა჻ მუნ დააგდეს ქალი ასმათ: ფრიდონ მისცემს საჩუქარსა჻ თვით სამასსა ცხენოსანსა: წაიტანდეს გმირთა დარსა჻ ბოლოდ ღ~თი გაუმარჯვებს: ყოვლსა პირველ შენაზარსა჻

1378. ზღვა გაიარეს სამთავე: ერთგან ძმად შეფიცებულთა჻ ფრიდონ გზა იცის იარეს: დღისით და ღამით რებულთა჻ ფრიდონ თქვა ვახლავთ არეთა: ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა჻ აქათგან ღამით ვლა გვინდა: მით არას გამჟღავნებულთა჻

1379. ამა ფრიდონის თათბირთა: სამნივე ერთგან ზმიდიან჻ რა გაუთენდის დადგიან: და ღამით ფიცხლა ვლიდიან჻ მივიდეს აჩნდა ქალაქი: მცველთა ვერ დასთვალვიდიან჻ გარე კლდე იყო გუშაგთა: ჴმა ჯარვით გაადიდიან჻

1380. გვირაბის კარსა ჭაბუკი: ათი ათასი მცველია჻ მათ ლომთა ნახეს ქალაქი: მთვარე დგას მუნ ნათელია჻ თქვეს ვითათბიროთ ვითა ვთქვათ: აწ გამორჩევა ძნელია჻ ასი ათასსა აჯობებს: თუ გამორჩევით მქმნელია჻

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ მოადგეს჻

1381. ფრიდონ თქვა ვიტყჳ სიტყვასა: ვეჭვ ჩემი არ დამცდარია჻ ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი: დიდთაგან საომარია჻ პირისპირ ომი არ ძალ გვაქვს: არ ჟამი საკვეხარია჻ ათას წელ ვერსით შევუვალთ: თუ ზედ დაგვიხშან კარია჻

1382. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი: სამუშაითოდ მზრდიდიან჻ მასწავლნეს მათი საქმენი: მახტუნებდიან მწვრთიდიან჻ ასრე გავიდა საბელსა: რომ თვალნი ვერ მამკიდიან჻ ვინცა მიჭვრეტდიან ყმაწვილნი: იგიცა ინატრიდიან჻