... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

1325. ტარიელ ტირს და ავთანდილ: სიცილით ეუბნებოდა჻ გაღიმდის ძოწი გააპის: კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა჻ იტყოდა ვსცანო ამბავი: შენ რომე გიამებოდა჻ აწ გაახლდების ყუავილი: ვარდი აქამდის ჭკნებოდა჻

1326. ტარიელ უთხრა ჱე ძმაო: კმარს დღესა რაცა მლხენია჻ ყოველი ჩემი სალხინო: მინახავს ნახვა შენია჻ სხვად ნუ ყოს ღ~თნ წამალი: არცა რა მოგისმენია჻ კაცმამცა სოფელს ვით პოვა: რაც არა საქმე ზენია჻

1327. რა ტარიელ არ შესჯერდა: ავთანდილცა არ დასწყნარდა჻ მის ამბისა დაყოვნება: ვეღარ გასძლო აუჩქარდა჻ გამოიღო რიდე მისი: ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა჻ რა ტარიელ ნახა იცნა: გამოუღო შემოვარდა჻

1328. წიგნი და კიდე რიდისა: იცნა და გაცაშალა მან჻ პირსა დაიდვა დაეცა: ვარდმან ფერითა მკრთალამან჻ სულნი გაექცნეს მოდრიკნა: თავი გიშრისა ტალამან჻ მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი: ვერ კაენ ვერცა სალამან჻

1329. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს: უსულოდ ქვე მდებარესა჻ შეჰფრინდა შველად მიმართა: მას ტკბილად მოუბარესა჻ ვერა ვერ არგო დამწვარსა: სრულად ცეცხლ ნადებარსა჻ მისთა ნიშანთა სიცოცხლე: მართ მისი მიიბარესა჻

1330. ავთანდილ დაჯდა ტირილად: ტირს ჴმითა შვენიერითა჻ ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად: აფრთხობს ბროლისა ჭერითა჻ გახეთქა ლალი გათლილი: ანდამატისა კვერითა჻ მუნით წყარონი გამოჰხდეს: ძოწსა ვამსგავსე ფერია჻

1331. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი: ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა჻ რაცა ვჰქენო არ უქნია: არცა შმაგსა არცა რეტსა჻ წყალი სწრაფით რად დავასხი: ცეცხლსა ძნელად დაშაშრეტსა჻ ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს: გული ლხინსა მეტის მეტსა჻

1332. მე მოვკალ ჩემი მოყვარე: რა მმართებს გაწბილებულსა჻ თავსა ვაბრალობ საქმესა: არ დასმით გაგონებულსა჻ ცრუ კაცი კარგა ვერა იქს: საქმესა გაძნელებულსა჻ თქმულა სიწყნარე გმობილი: სჯობს სიჩქარესა ქებულსა჻

1333. უცნობო ქნილი ტარიელ: ძეს მსგავსად ნატუსალისად჻ ავთანდილ ადგა გამოვლნა: შამბნი საძებრად წყალისად჻ მან პოვა სისხლი ლომისა: მოაქვს სავსებლად ალისად჻ მკერდსა დაასხა გავეხდა: ლაჟვარდი ფერად ლალისად჻

1334. ავთანდილ მკერდსა დაასხა: მას ლომსა სისხლი ლომისა჻ ტარიელ შეჰკრთა შეიძრა: რაზმი ინდოთა ტომისა჻ თვალნი აახვნა მიეცა: ძალი ზე წამოჯდომისა჻ ლურჯათ ჩანს შუქი მთვარისა: მზისგან შუქ ნაკრთომისა჻

1335. ზამთარი ვარდთა გააჴმობს: ფურცელნი ჩამოსცვივიან჻ ზაფხულის მზისა სიახლე: დასწვავს გვალვასა ჩივიან჻ მაგრა მაზედა ბულბულნი: ტურფასა ჴმასა ჰყივიან჻ სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს: წყლულნი ორჯელვე სტკივიან჻

1336. აგრევე გული კაცისა: მოსაგვარებლად ძნელია჻ ჭირსა და ლხინსა ორზედვე: ზედან მართ ვითა ხელია჻ მიწყივ წყლულდების საწუთრო: მისი აროდეს მრთელია჻ იგი მიენდოს სოფელსა: ვინცა თავისი მტერია჻

1337. ტარიელ ნახა ნაწერი: კვლაცა მკვლელისა მისისა჻ იკითხავს თუცა აშეთებს: კითხვა წიგნისა მისისა჻ დაუყჳს ცრემლმან სინათლე: ბნელად ჩანს შუქი დღისისა჻ ავთანდილ ადგა დაუწყო: თხრობა სიტყჳსა მქისისა჻

1338. იტყუის თუ ნაქმრად არ ვარგა: კაცისა გასწავლილისა჻ აწ რადღა გვმართებს ტირილი: ჴამს დავსხდეთ ქნად ღიმილისა჻ ადეგ წავიდეთ საძებრად: მის მზისა წახდომილისა჻ ადრე მიგიყუან მიყუანა: არს შენგან მონდომილისა჻

1339. ვითა გვმართებს გახარება: პირველ აგრე გავიხარნეთ჻ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ: ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ჻ ჴრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ: მათნი ზურგით დავიყარნეთ჻ უჭირველნი შემოვიქცეთ: იგი მძორთა დავადარნეთ჻

1340. მერმე ტარიელ ამბავსა: ჰკითხავს აღარა ბნდებოდა჻ შეხედნის თვალნი ამართნის: შავ თეთრი ელვა ჰკრთებოდა჻ მართ ვითა ლალსა მზისაგან: მას ფერი ეზარდებოდა჻ ვინ ღირსა თუმცა წყალობით: ცა მიწყივ მობრუნდებოდა჻

1341. ავთანდილს მადლი უბრძანა: ქნა უყო საუბარისა჻ მე შენი ქება ვითა ვთქვა: ბრძენთაგან საქებარისა჻ ვითა ზე მთისა წყარომან: მომრწყე ყვავილი ბარისა჻ დამწყვიტე დენა ცრემლისა: ნარგისთა ნაგუბარის჻

1342. მე ვერა გიყო ნაცვალსა: ღ~თი გარდგიხდის ციერი჻ ზეგარდმო მისით შემოგზღოს: მუქაფა ჩემმაგიერი჻ შესხდეს და შინა წავიდეს: მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი჻ აწ გავეაძღო სოფელმან: ასმათ აქამდის მშიერი჻

1343. ქვაბისა კარსა ასმათი: მარტო ზის არ ბარგოსანი჻ შეხედნა იცნა ტარიელ: თანა ყმა ჭარმაგოსანი჻ ორნივე ტურფად იმღერდეს: ვით იადონი მგოსანი჻ მაშინვე იცნა ავარდა: მოშლილი პერანგოსანი჻

1344. აქამდის მიწყივ ენახა: ქვაბს მისულა მოტირალისა჻ აწ გაუკჳრდა დანახვა: სიცილით მომღერალისა჻ ზარ აღებული ავარდა: ცნობა უც ვითა მთვრალისა჻ არ იცის სმენა ამბისა: ჯერთ მისგან სასურვალისა჻