... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

1151. რა გამოჰჴდა ხანი რამე: გამოვიდა ღამე დღენი჻ უსენ მითხრა არ მინახავს: ძოღანდიდგან მეფე ჩვენი჻ მივაზირებ წავალ ვნახავ: უდარბაზო უძღვნა ძღვენი჻ მოვახსენე დია ღ~თო: ბრძანებაა ეგე თქვენი჻

1152. უსენ ტაბაკსა დააწყო: მარგალიტი და თვალები჻ დავვედრე დარბაზს დაგხვდების: დარბაზის ერი მთვრალები჻ ამა ქალისა ამბავსა: მამკალ თუ არ ეკრძალები჻ კვლავ შემამფიცა არ ვიტყჳ: თავსაცა მეცეს ჴრმალები჻

1153. უსენ მოვიდა ჴელმწიფე: დახვდა ნადიმად მჯდომელი჻ უსენ არიფი მეფისა: და მეფე მისი მდომელი჻ წინა მივიდა შეიძღვნა: ძღვენი მიართვა რომელი჻ აწ ნახო მთვრალი ვაჭარი: ცქაფი უწრფელი რომელი჻

1154. რა მეფემან უსენს წინა: სვა მრავალი დოსტაქანი჻ კვლავ შესვეს და კვლავ აივსნეს: სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი჻ დაავიწყდა იგი ფიცნი: რა მუსაფნი რა მაქანი჻ მართლად თქმულა არა მართებს: ყვავსა ვარდი ვირსა რქანი჻

1155. უთხრა დიდმან ჴელმწიფემან: უჭკუოსა უსენს მთვრალსა჻ დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად: სით მოიღებ ამა თვალსა჻ მარგალიტსა დიდროანსა: უმზგავსოსა ჰპოვებ ლალსა჻ ვერ გარდვიხდი თავმან ჩემან: ძღვენთა შენთა ნაათალსა჻

1156. თაყვანი სცა უსენ ჰკადრა: ჰე მაღალო ჴელმწიფეო჻ ზეცით შუქთა მამფენელო: მარჩენელო არსთა მზეო჻ რაცა სხვა მაქვს ვისი არის: ოქრო გინდა საჭურჭლეო჻ დედის მუცლით რა გამამყვა: მბოძებია თქვენგან მეო჻

1157. ამას გკადრებ თავმან თქვენმან: არა გმართებს მადლი ძღვნისა჻ სხვა რამე მყავს სასძლო თქვენი: შესართავი თქვენის ძისა჻ მას უცილოდ დამიმადლებთ: ოდეს ნახოთ მზგავსი მზისა჻ მაშინ მეტად გაამრავლოთ: თქვენ ბრძანება ნეტარძისა჻

1158. რას ვაგრძელებდე გატეხა: ფიცი სიმტკიცე სჯულისა჻ უამბო პოვნა ქალისა: მჭვრეტთაგან მზედ სახულისა჻ მეფესა მეტად იამა: მიეცა ლხინი გულისა჻ უბრძანა დარბაზს მოყვანა: სრულ ქნა უსენის თქმულისა჻

1159. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯექ: მუნამდის არ მიკვნესია჻ შემოდგა კარსა მეფისა: მონათა უხუცესია჻ თანა ჰყვა მონა სამოცი: ვით ჴელმწიფეთა წესია჻ მოვიდეს დია გავჰკვირდი: ვთქჳ რამე საქმე ზესია჻

1160. მისალამეს ფატმან მითხრეს: ბრძანებაა მზისა სწორთა჻ დღეს რომელი უსენ შესძღვნა: ქალი მსგავსი მზეთა ორთა჻ აწ მომგვარე წავიყვანო: ვლა არ გვინდა გზათა შორთა჻ ესე მესმა და დამტყდეს: ცანი რისხვით ეცა გორთა჻

1161. მე გაკვირვებით კვლავ ვჰკითხე: რა ქალი გინდა რომელი჻ მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა: პირი ელვათა მკრთომელი჻ არას მარგებდა დაესკვნა: დღე ჩემი სულთა მჴდომელი჻ ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა: ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი჻

1162. შეველ ვნახე იგი ტურფა: მტირალად და ცრემლ დასხმულად჻ ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან: ვით მიმუხთლა ხედავ სრულად჻ ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ: იავარმყო ამფხვრა სრულად჻ შემასმინეს მეფე გითხოვს: ვარ ამისთვის გულ მოკლულად჻

1163. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს: ეგე რაზომცა ძნელია჻ ბედი უბედო ჩემზედა: მიწყივ ავისა მქნელია჻ კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს: ავი რა საკჳრველია჻ სხვადასხვა ჭირი ჩემზედა: არ ახალია ძველია჻

1164. თვალთათ ვითა მარგალიტი: გარდმოყარა ცრემლი ჴშირი჻ ადგა ასრე გულ უშიშრად: ვეფხი იყო ანუ გმირი჻ ლხინი ლხინად არად უჩნდა: მართ აგრევე ჭირად ჭირი჻ მთხოვა გარე აჯიღითა: მოიბურა ტანი პირი჻

1165. შევე საჭურჭლეს რომელსა: ფასი არ დაედებოდა჻ თვალ მარგალიტი ავიღე: რაც ოდენ ამეღებოდა჻ თვითო და თვითო თვითოსა: ქალაქსა ეფასებოდა჻ მივე მას წელთა შევარტყი: შავ გული ვისთვის კვდებოდა჻

1166. ვარქვი ჩემო განღა სადმე: გეჴმარების ესე გვარი჻ მათ მონათა ჴელთა მივეც: იგი ტურფა მზისა დარი჻ ცნა მეფემან მოეგება: ჰკრეს ტაბლაკსა გაჰჴდა ზარი჻ იგი მივა თავ მოდრეკით: წყნარი არას მოუბარი჻

1167. ზედა მოატყდა მჭვრეტელი: გაჰჴდა ზათქი და ზარები჻ ვერ იჭირვიდეს სარაგნი: მუნ იყო არ სიწყნარები჻ იგი რა ნახა მეფემან: საროსა მსგავსი ნარები჻ გაკრთომით უთხრა ჱე მზეო: აქა ვით მოიგვარები჻

1168. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი: შექნა თვალისა მფახველად჻ მეფემან ბრძანა გამხადა: ნახული მე უნახველად჻ ღ~თისაგან კიდე ვიცნმ იყო: კაცი ამისად მსახველად჻ მართებს ამისთა მიჯნურსა: ხელნი თუ რბოდეს ახ ველად჻

1169. გვერდსა დაისვა ეუბნა: ტკბილითა საუბარითა჻ მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ: მოსრული ვისთა გვარითა჻ მან არა გასცა პასუხი: პირითა მზისა დარითა჻ თავ მოდრეკილი დაღრეჯით: ქვე ზის ცნობითა წყნარითა჻

1170. არ ისმენდა მეფისასა: რასა გინდა უბრძანებდა჻ სხვაგან იყო გული მისი: სხვასა რასმე იგონებდა჻ ვარდი ერთგან შეეწება: მარგალიტსა არ აჩენდა჻ მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა: რასამცა ვინ იაზრებდა჻