... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

1287. აწ სოფელმან უარესი: ჭირი ჭირსა მიმისართა჻ არ დასჯერდა ბედი ჩემი: მას პატიჟთა მრავალ გვართა჻ კვლაცა მიმცა შესაპყრობლად: ქაჯთა ძნელად საომართა჻ ბედმან გვიყო ყველაკაი: ჩემო რაცა დაგვემართა჻

1288. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა: თვალნი ძლივ გარდასწვდებიან჻ გზა გვირაბითა შემოვა: მცველნი მაზედა დგებიან჻ დღისით და ღამით მოყმენი: ნობათსა არ დასცდებიან჻ მათთა შემბმელთა დაჰჴოცენ: მართ ცეცხლად მოედებიან჻

1289. ნუთუ ესენი გეგონენ: სხვათა მებრძოლთა წესითა჻ ნუცა მე მამკლავ ჭირითა: ამისგან უარესითა჻ შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი: ვითა აბედი კვესითა჻ მოგშორდი დამთმე გულითა: კლდისაგან უმაგრესითა჻

1290. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ: ჭმუნვითა ამისთანითა჻ ჩემი სთქვა სხვათა მიხვდების: იგი ალვისა ტანითა჻ არამ სიცოცხლე უშენო: ვარ აქამდისცა ნანითა჻ ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ: ანუ მოვიკლავ დანითა჻

1291. შენმან მზემან უშენოსა: არვის მიხვდეს მთვარე შენი჻ შენმან მზემან ვერვის მიხვდეს: მოცავიდენ სამნი მზენი჻ აქა თავსა გარდავიქცევ: ახლოს მახლვან დიდნი კლდენი჻ სული ჩემი შეივედრე: ზეცით მამხვდენ ნუთუ ფრთენი჻

1292. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კულავ: დამჴსნა სოფლისა შრომასა჻ ცეცხლსა წყალსა და მიწასა: ჰაერთა თანა ძრომასა჻ მამცნეს ფრთენი და ავჰფრინდე: მივხვდე მას ჩემსა ნდომასა჻ დღისით და ღამით ვხედვიდე: მზისა ელვათა კრთომასა჻

1293. მზე უშენოდ ვერ იქნების: რადგან შენ ხარ მისი წილი჻ გაღანამცა მას იახლე: მისი ეტლი არ თუ წბილი჻ მუნა გნახო მანდვე გსახო: გამინათლო გული ჩრდილი჻ თუ სიცოცხლე მწარე მქონდეს: სიკვდილიმცა მქონდეს ტკბილი჻

1294. მე სიკუდილი აღარ მიმძიმს: შემოგვედრებ რადგან სულსა჻ მაგრა შენი სიყვარული: ჩავიტანე ჩამრჩა გულსა჻ მომეგონოს მოშორვება: მემატების წყლული წყლულსა჻ ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ: ჩემო ჩემსა სიყუარულსა჻

1295. წადი ინდოეთს მიმართე: არგე რა ჩემსა მშობელსა჻ მტერთაგან შეიწრებულსა: ყოვლგნით ჴელ აუპყრობელსა჻ გულსა ალხინე ჩემისა: მოშორვებისა მთმობელსა჻ მომიგონებდი მტირალსა: შენთვის ცრემლ შეუშრობელსა჻

1296. რაცა ვიჩივლე ბედისა: ჩემისა კმა საჩივარად჻ ცან სამართალი მართალი: გულისა გულსა მივარად჻ შენთვის მოვჰკვდები გავჰჴდები: ყორანთა დასაყივარად჻ ვირემ ცოცხალ ვარ გეყოფი: სატირლად და სატკივარად჻

1297. აჰა ინიშნე ნიშანი: შენეულისა რიდისა჻ გარდმიკვეთია ალამი: ჩემი ერთისა კიდისა჻ ესეღა დამრჩეს სანაცვლოდ: მის იმედისა დიდისა჻ რისხვით მობრუნდა ბორბალი: ჩვენზედა ცისა შვიდისა჻

1298. ესე წიგნი საყუარელსა: მისსა თანა მინაწერი჻ რა დაწერა გარდაკვეთა: მათ რიდეთა ერთი წვერი჻ თავ მოჴდილსა დაუშვენდა: სისხო სიგრძე თმათა წვერი჻ ალვისაგან სული მოქრის: ყორნის ფრთათათ მონაბერი჻

1299. იგი მონა წამოვიდა: გულანშაროს მიმავალი჻ წამ ერთ მიჰჴდა ფატმანისსა: დღე იარა არ მრავალი჻ რა ავთანდილს გაუსრულდა: საქმე მისი სასურვალი჻ ჴელ აპყრობით ღ~თსა მადლობს: ცნობა სრული არა მთვრალი჻

1300. ფატმანს უთხრა გამისრულდა: ჟამად საქმე საწადელი჻ დიდი შენი მოჭირვება: ჩემგან არის გარდუჴდელი჻ წავალ დგომად აღარა მცალს: დრო მოსულა შარშანდელი჻ ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო: მათი მომსპობ ამწყუედელი჻

1301. ხათუნმან უთხრა ჱე ლომო: ცეცხლი აწ უფრო ცხელდების჻ მოეშორვების ნათელსა: გული ამისთვის ბნელდების჻ ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა: ხელი ეგრეცა ხელდების჻ თუ ქაჯნი მოგესწრებიან: მუნ მისლვა გაგიძნელდების჻

1302. ყმამან ფრიდონის მონანი: უჴმნა მასთანა ხლებულნი჻ უბრძანა მკუდარნი აქამდის: აწყა ვართ დაცოცხლებულნი჻ რაცა გვინდოდა მისითა: სმენითა გაახლებულნი჻ ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე: წყლულნი მით ვაგლახებულნი჻

1303. მიდით და ფრიდონს უამბეთ: ამბავი არ ნაცქაფავი჻ მე ვერა ვნახავ ვისწრაფი: გზა ჩემი არს ნასწრაფავი჻ მან გააჴაფოს ჴმა ჴაფი: კვლავ უფრო განაჴაფავი჻ თქუენ მოგცე ლარი ყუელაი: მე ჩემი ნაალაფავი჻

1304. ჩემსა ზედა დიდი არის: ვალი თქუენგან დანადები჻ მადლსა სხვაებრ გარდავიხდი: თუღა ფრიდონს შევეყრები჻ აწ წაიღეთ ყუელაკაი: მეკობრეთა წანაღები჻ ამის მეტსა ვერას მოგცემ: ვიცი ამად გეძუნწები჻

1305. სახლი არ მახლავს არ ძალ მაქუს: გაცემა საბოძვარისა჻ მისცა მართ სავსე ხომალდი: რიცხვი ტურფათა ჯარისა჻ უბრძანა წადით წაიღეთ: გზა წავლეთ მისვე არისა჻ ფრიდონს მიართვით უსტარი: ჩემგან ძმად ნაფიცარისა჻

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონის წინაშე჻