... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

1171. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ: გული ჩვენი რათ იჴსნების჻ ამ ორთა კიდეგანთა: აზრი არა არ იქნების჻ ან ვისიმე მიჯნურია: სიყუარული ეგონების჻ მისგან კიდე არვისად სცალს: ვეღარცავის ეუბნების჻

1172. ანუ არის ბრძენი ვინმე: მაღალი და მაღლად მხედი჻ არცა ლხინი ლხინად უჩანს: არცა ჭირი ზედა ხედი჻ ვით ზღაპარი ასრე ესმის: უბედობა თუნდა ბედი჻ სხვაგან არის სხვაგან ფრინავს: გონება უც ვითა ტრედი჻

1173. ღ~თნ ქნას შინა მოვიდეს: ძე ჩემი გამარჯვებული჻ მე დავახვედრო ისი მზე: და მისთვის დამზადებული჻ მან ათქმევინოს ნუთუ რა: ჩვენცა ვსცნათ გაცხადებული჻ მუნამდის მთვარე შუქ კრთომით: ჯდეს მზისა მოშორვებული჻

1174. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ: კარგსა ყმასა გულოვანსა჻ უებროსა ზნედ და თვალად: შვენიერსა პირსა ტანსა჻ მაშინ ლაშქარს წასრულიყო: მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა჻ მამა მისთვის ამზადებდა: მას მნათობსა დასაგვანსა჻

1175. მოიღეს ტანსა ჩააცვეს: შესამოსელი ქალისა჻ მას ზედა შუქი მრავალი: ჩნდა მნათობისა თვალისა჻ დაადგეს თავსა გვირგვინი: ერთობილისა ლალისა჻ მუნ ვარდსა ფერი აშვენებს: ბროლისა გამჭვირვალისა჻

1176. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ: საწოლი უფლის წულისა჻ დაუდგეს ტახტი ოქროსა: წითლისა მაღრიბულისა჻ ადგა თვით დიდი ჴელმწიფე: პატრონი სრისა სრულისა჻ მას ზედა დასვა იგი მზე: ლხინი მჭვრეტელთა გულისა჻

1177. უბრძანა ცხრათა ხადუმთა: დადგომლად მცველად კარისა჻ ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად: მგზავსად მათისა გვარისა჻ უბოძა უსენს უზომო: მუქფად მის მზის დარისა჻ სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა: მოსამატებლად ზარისა჻

1178. გააგრძელეს ნადიმობა: სმა შეიქნა მეტად გრძელი჻ ქალი პირ მზე ბედსა ეტყჳს: რა ბედი მიც ჩემი მკვლელი჻ სადაური სად მოსრულ ვარ: ვის მივხვდები ვისთვის ხელი჻ რა ვჰქნა რა ვჰყო რა მერგების: სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი჻

1179. კვლაცა იტყჳს ნუ დავაჭკნობ: შვენებასა ვარდთა ფერსა჻ ვეცადო რას ნუთუ ღ~თნ: მე მამრიოს ჩემსა მტერსა჻ სიკვდილამდის ვის მოუკლავს: თავი კაცსა მეცნიერსა჻ რა მისჭირდეს მაშინ უნდა: გონებანი გონიერსა჻

1180. ჴადუმნი უჴმნა უბრძანა: ისმინეთ მოდით ცნობასა჻ მოღორებულხართ დამცდარხართ: თქვენ ჩემსა პატრონობასა჻ დამცდარა თქვენი პატრონი: ჩემსა თუ ლამის სძლობასა჻ ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა: ცუდად გლახ იცემს ნობასა჻

1181. არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად: ჩემი გზა კიდეგანია჻ მაშოროს ღ~მ მამაცი: პირად მზე სარო ტანია჻ სხვასა რას მნუკავთ საქმესა: ჩემნი საქმენი სხვანია჻ თქვენთანა ჩემი სიცოცხლე: არ ჩემი შესაგვანია჻

1182. უცილოდ თავსა მოვიკლავ: გულსა დავიცემ დანასა჻ თქვენ დაგჴოცს თქვენი პატრონი: სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა჻ ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე: მძიმე მარტყია ტანასა჻ მე გამაპარეთ გამიშვით: თვარა დავიწყებთ ნანასა჻

1183. შემოიხსნა მარგალიტი: შემოერტყა რაცა თვალი჻ მოიჴადა გვირგვინიცა: გამჭვირვალი ერთობ ლალი჻ მისცა უთხრა გამომიღეთ: გეაჯები გულ მჴურვალი჻ მე გამიშვით ღ~თსა თქვენსა: მიავალეთ თქვენი ვალი჻

1184. მონათა მიხუდა სიხარბე: მის საჭურჭლისა მძიმისა჻ დაჰვიწყდა შიში მეფისა: ვითა ერთისა გზირისა჻ გამოპარება დაასკვნეს: მის უებროსა პირისა჻ ნახეთ თუ ოქრო რასა იქს: კვერთხი ეშმაკთა ძირისა჻

1185. რა ოქრო მისთა მოყვასთა: აროდეს მისცემს ლხენასა჻ დღე სიკვდილამდის სიხარბე: შეაქნევს კბილთა ღრჭენასა჻ შესდის და გასზდის აკლია: ემდურვის ეტლთა რბენასა჻ კულავ აქა სულსა დააბამს: დაუშლის აღმაფრენასა჻

1186. რა ხადუმთა აუსრულეს: საქმე მისი საწადელი჻ ერთმან ტანსა აიხადა: მისცა მისი ჩასაცმელი჻ სხვანი კარნი გამოარნეს: იჯარვოდა დარბაზს მსმელი჻ დარჩა მთვარე გველისაგან: გავსებული ჩაუნთქმელი჻

1187. მონანიცა გარდეხვეწნეს: გაიპარნეს მასვე თანა჻ ქალმან კარსა დამირეკა: ფატმანობა ჩემი ბრძანა჻ გავე ვიცან მოვეხვივე: გამიკვირდა მეცა განა჻ შინა ყოლა არ შემომყვა: რად მაწვეო შემანანა჻

1188. მიბრძანა თავი ვიყიდე: მოცემულითა შენითა჻ მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს: მოწყალებითა ზენითა჻ ვეღარ დამმალავ გამიშვი: ფიცხლად გამგზავნე ცხენითა჻ სადამდის სცნობდეს ჴელმწიფე: კაცთა მამწევდეს რბენითა჻

1189. შევე ფიცხლად საჯინიბოს: ავხსენ ცხენი უკეთესი჻ შეუკაზმე ზედა შევსვი: მხიარული არა მოკვნესი჻ ჰგვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს: მზე მნათობთა უკეთესი჻ წაჴდა ჩემი ჭირნახული: ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი჻

1190. დღე მიიყარა ჴმა გაჴდა: მოვიდა მისი მდევარი჻ მოიცვეს შინა ქალაქი: შეიქნა მოსაწევარი჻ მე მკითხეს უთხარ თუ ჰპოოთ: მუნ სახლსა სადა მე ვარი჻ მეფეთა ვიყო შემცოდე: და მათთა სისხლთა მზღვევარი჻