... (Q-1369), 1823 წ.

1255. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირშავი თმაგრძელი ტანნაბდიანი იგი მზე დაჰკრთა ეგონა სამოსი რამე ზიანი შეცვალა ვარდი ზაფრანად ლაჟვარდის ფერად იანი

1256. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისა თქვენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან გამამართლოს არ ტყუვილად გეუბნები მზისა შუქნი მოიცადენ ვარდო ადრე ნუ დასჭნები

1257. პირმზე გაჰკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა მან იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა იკითხავს სულთქუამს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა

1258. მონასა ჰკითხა მიამბე ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალი მიწასა ზედა მტკეპნელი მან მოახსენა ვიკადრებ რასაც ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულხარ მას აქეთ შენგან ჩვენია მზე ბნელი

1259. ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია მას რომე ცრემლი სდენია ზღვათაცა შენართევია მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კულავ მიმირთმევია ღმერთსა ვიმოწმებ მას აქათ ტირილი არ დაჰლევია

1260. აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა მან უთხრა წვრილად ყველაი თქვენ ხართ რათაცა ჭირითა იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა

1261. ქალმან უთხრა მემართლების ყმაო შენი ნაუბარი ფატმან ჩემი არ იცოდა ვიყავ ვისი წანაგვარი უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი მე მიუწერ შენცა ჰკადრე ვარ ვითამცა გულმდუღარი

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერლი

1262. პირმზე ვსწერს აჰა ხათუნო დედისა მჯობო დედაო მისგან ტყვექმნილსა სოფელმან რა მიყო ამას ხედაო მე გლახ მათ ჩემთა პატიჟთა სხუაცა დამერთო ზედაო აწ ვნახე შენი უსტარი მე დიდად მეიმედაო

1263. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა გამიადვილე ჭირები აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები ერთსა მცავს ერთი სამეფო ბევრჯელ ათასი გმირები ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები

1264. სხუა ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე ქაჯთა მეფე არ მოსრულა არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფერე რასა ჰქვიან ძებნა ჩემი არ ეგების დაიჯერე

1265. ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა ცუდ მაშვრალია იჭირვის იწვის ენთების ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია მაგრა მას ვჰნატრი უნახავს მზე ამად არ დამზრალია უმისოდ ჩემი სიცოცხლე ვამე რა დიდი ბრალია

1266. შენ ამბავი არ გიამბე მაშინ ამად დაგიმალე ვერ იტყოდა ენა ჩემი თავი ჭირთა გავაკრძალე გეაჯები საყვარელსა შემახვეწე შემაბრალე ნუ წამოვა ძებნად ჩემად მიუწერე შეცასთვალე

1267. მე რომ მჭირს კმარის ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა მას მკვდარსა ვნახავ მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა ვერას ვინ მარგებს დასტურად ვიცი არ რამე ჭორითა არ დაგმორჩილდეს დამქოლე შავისა ქვისა ყორითა

1268. გეთქუა ნიშნისა გაგზავნა აწ ესე განამჟღავნია მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი

1269. აწ საყვარელსა მიუწერს გულამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი დაწერა წიგნი მსმენელთა გულისა გასაგმირალი ვარდი გააპის გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1270. ჰე ჩემო ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები ტანი კალმად მაქვს კალამი ნაღველსა ამონაწები მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები გულო შავგულო დაბმულხარ ნუ აეხსნები აწ ები

1271. ხედავცა ჩემო სოფელი რათა საქმეთა მქმნელია რაზომცა ჰნათობს სინათლე ჩემთვის ეგრეცა ბნელია ბრძენნი იცნობენ სწუნობენ მით მათგან საწუნელია უშენოდ ჩემი სიცოცხლე ვამე რა დიდი ძნელია

1272. ხედავ ჩემო ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან ნეტარ რა ქნას უშენომან გულმან შენგან დალახვრულმან გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან