... (Q-1369), 1823 წ.

1157. ვითა მზემან მისნი მჭვრეტელნი შექნნა თვალისა მფახველად მეფემან ბრძანა გამხადა ნახული მე უნახველად ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად ჰმართებს ამისსა მიჯნურსა ხელი თუ რბოდეს ახ ველად

1158. გვერდსა დაისვა ეუბნა ტკბილითა საუბარითა მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ მოსრული ვისთა გვარითა მან არა გასცა პასუხი პირითა მზისა დარითა თავმოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა

1159. არ ისმენდა მეფისასა რასა გინდა უბრძანებდა სხუაგან იყო გუ მისი სხუასა რასმე იგონებდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აღებდა მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა რასამცა ვინ იაზრებდა

1160. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ გული ჩვენი რათ იხსნების ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქნების ან ვისიმე მიჯნურია სიყვარული ეგონების მისგან კიდე არვისად სცალს არცაღა ვის ეუბნების

1161. ანუ არის ბრძენი ვინმე მაღალი და მაღლად მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს არცა ჭირი ზედაზედი ვით ზღაპარი ასრე ესმის უბედობა თუნდა ბედი სხუაგან არის სხუაგან ფრინავს გონება უც ვითა ტრედი

1162. ღმერთმან ქნას შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ისი მზე და მისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთუ რა ჩვენცა ვცნათ გაცხადებული მუნამდის მთვარე შუქკრთომით ჯდეს მზისა მოშორვებული

1163. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზნედ და თვალად შვენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასრულ იყო მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა მამა მისთვის ამზადებდა მას მნათობთა დასაგვანსა

1164. მოიღეს ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა

1165. მეფემან ბძანა მოჰკაზმეთ საწოლი უფლისწულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა წითლისა მაღრიბულისა ადგა თვით დიდი ხელმწიფე პატრონი სრისა სრულისა მას ზედა დასვა იგი მზე ლხინი მჭვრეტელთა გულისა

1166. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომლად მცველად კარისად ხელმწიფე დაჯდა ნადიმად მსგავსად მათისა გვარისად უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზის დარისად სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად

1167. გააგრძელეს ნადიმობა სმა შეიქმნა მეტად გრძელი ქალი პირმზე ბედსა ეტყვის რა ბედი მიც ჩემი მკლველი სადაური სად მოსულ ვარ ვის მივჰხვდები ვისთვის ხელი რა ვქნა რა ვყო რა მერგების სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი

1168. კულაცა იტყვის ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა რა მისჭირდეს მაშინ უნდან გონებანი გონიერსა

1169. ხადუმნი უხმნა უბრძანა ისმინეთ მოდით ცნობასა მოღორებულხართ დამცდარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა დამცდარა თქვენი ხელმწიფე ჩემსა თუ ჰლამის ჰსძლობასა ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა

1170. არვარგვარ თქვენად დედოფლად ჩემი გზა კიდეგანია მაშოროს ღმერთმან მამაცი პირად მზე სარო ტანია სხუასა რას მნუკევთ საქმესა ჩემნი საქმენი სხუანია თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია

1171. უცილოდ თავსა მოვიკლავ გულსა დავიცემ დანასა თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე მძიმე მარტყია ტანასა მე გამაპარეთ გამიშვით თვარა დავიწყებთ ნანასა

1172. შემოიხსნა მარგალიტი შემოერტყა რაცა თვალი მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი ერთობ ლალი მისცა უთხრა გამომიღეთ გეაჯები გულმხურვალი მე გამიშვით ღმერთსა თქვენსა მიავალეთ თქვენი ვალი

1173. მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა დაჰვიწყდა შიში მეფისა ვითა ერთისა გზირისა გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა ნახე თუ ოქრო რასა იქს კვერთხი ეშმაკთა ძირისა

1174. რა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა დღე სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა შესდის და გასდის აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა კვლა აქა სულსა დაუბამს დაუშლის აღმაფრენასა

1175. რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი ერთმან ტანსა აიხადა მისცა მისი ჩასაცმელი სხუანი კარნი გამოარნეს იჯრებოდა დარბაზს მსმელი დარჩა მთვარე გავსებული გველისაგან ჩაუნთქმელი

1176. მონანიცა გარდიხვეწნეს გაიპარნეს მასვე თანა ქალმან კარსა დამირეკა ფატმანობა ჩემი ბრძანა გავე ვიცან მოვეხვიე გამიკვირდა მეცა განა შინა ყოლა არ შემომყვა რად მაწვეო შემანანა