... (Q-1369), 1823 წ.

ტარიელისა და ავთანდილისა წასვლა ფრიდონისასა

1351. რა გათენდა გაემართნეს წაიტანეს ასმათ თანა ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა არ უძღვანა ავთანდილ კმა ყოლაოზად სხუამცა ვინღა წაიტანა

1352. იარეს და ზედან შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა ჯოგი ნახეს მოეწონა ფრიდონისთვის იაგეთა მუნ ავთანდილს ჰინდო ეტყვის გაქნევ კარგთა სიშმაგეთა მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ ჯოგსა მისსა მოვადგეთა

1353. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად გამოემართვის საომრად ველთა სისხლისა დაღებად ანაზდად გვიცნობს გაკრთების გულსა შეელმის დაღებად ამოა კარგი ლაღობა ლაღსა შევეიქს ლაღებად

1354. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექნა ეკრა კვესებსა უყივლეს ვინ ხართ მოყმენო ვინ იქთ საქმესა ზესებსა ჯოგი მისია ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა არ აკვნესებსა

1355. მათ მშვილდები დაიწვადეს მეჯოგეთა გაეკიდნეს მეჯოგენი მიიზახდეს ხმანი მათნი გაადიდნეს გვიშველეთო გვიშველეთო მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს ხმა შეიქმნა შეიყარნეს ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს

1356. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა შეკაზმული გამოვიდა ხმა შეიქნა შეიყარნეს რაზმი ველთა დაჰფარვიდა იგი მზენი მოეგებნეს ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა დაეხურა ზარადები პირსა მათსა უფარვიდა

1357. რა ტარიელ ფრიდონ იცნა თქუა ვნახეო ვინცა მინა მუზარადი მოიხადა გაიღიმა გაიცინა ფრიდონს უთხრა რასა ჰლამი ჩვენი მოსლვა რას გეწყინა პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა

1358. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა დავარდა და თაყვანის სცა იგინიცა გარდაუხდეს მოეხვივნეს აკოცისცა ფრიდონ ღმერთსა ხელაპყრობით უსაზომო მადლი მისცა დიდებულნი აკოცებდეს იცნობდიან იგი ვისცა

1359. ფრიდონ უთხრა რასა სდეგით მოგელოდი უწინარე მე მზა ვარო სამსახური თქვენი რამცა დავიზარე ჰგვანდა თუცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი ერთი მთვარე ერთმანერთი დააშვენეს გაემართნეს იქცეს გარე

1360. ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე ტურფად გებულსა ახლოს დაისვამს ავთანდილს მისსა ძმადშეფიცებულსა ტარიელ დაჯდა საჯდომსა ოქსინოგარდაგებულსა მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა

1361. უთხრეს ჯერ ჟამად არა გვაქვს სხუა შენთვის არმაღანია მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხუანია მან დასდვა პირი მიწასა არ დაიყოვნა ხანია ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია

1362. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა აბანოს ბანნა აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა დამოსნა ტურფატურფითა ერთმანერთისა მჯობითა თვალმარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა

1363. უთხრა თუ ესე სიტყუაა ავისა მასპინძელისა ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა წავლა სჯობს გზისა გრძელისა თუ ქაჯნი მოგვესწრებიან საეჭვი არს სიძნელისა

1364. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა კარგნი გვინდა და ცოტანი სამასი კაცი გვეყოფის წავიდეთ მართ მეოტანი ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი მას ადრე ვპოებთ ვისიცა მოგვკლავს ალვისა მო ტანი

1365. ქაჯეთს ერთხელ კულავც ყოფილვარ ნახავთ თქვენცა გემაგრების ყოვლგნით კლდეა გარეშემო მტერი ვერა მოადგების თუ იდუმალ არ შევუვალთ ცხადად შებმა არ ეგების მით ლაშქარი არად გვინდა რაზმი მალვით ვერ მოგვყვების

1366. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა მუნ დააგდეს ქალი ასმათ ფრიდონ მისცემს საჩუქვარსა თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს გმირთა დარსა ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა პირველ შენაზარსა

1367. ზღუა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის იარეს დღისით და ღამით რებულთა ფრიდონ თქუა ვახლავთ არეთა ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა აქათგან ღამით ვლა გვინდა მით არას გამჟღავნებულთა

1368. ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ზმიდიან რა გაუთენდის დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან მივიდეს აჩნდა ქალაქი მცველთა ვერ დასთვალვიდიან გარე კლდე იყო გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან

1369. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია მათ ლომთა ნახეს ქალაქი მთვარე დგას მუნ ნათელია თქვესვითათბიროთ ვითა ვთქუათ აწ გამორჩევა ძნელია ასი ათასსა აჯობებს თუ გამორჩევით მქმნელია