... (Q-1369), 1823 წ.

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ მოადგეს

1370. ფრიდონ თქუა ვიტყვი სიტყუასა ვეჭვ ჩემი არ დამცდარია ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი დიდთაგან საომარია პირსპირ ომი არ ძალგვაქვს არჟამი საკვეხარია ათას წელ ვერსით შევუვალთ თუ ზედ დაგვიხშან კარია

1371. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან მასწავლნეს მათი საქმენი მახლტუნებდიან მწვრთიდიან ასრე გავიდა საბელსა რომ თვალნი ვერ მომკიდიან ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი იგიცა ინატრიდიან

1372. აწ ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცა საგდებელისა მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა მას ზედა გავლა ადვილად მიჩანს მართ ვითა ველისა თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა

1373. აბჯრითა გავლა არად მიჩს ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხტები კისკასად ვეცემი მსგავსად ქარისა ლაშქართა დავჰხოც გავახვამ ნახოთ გაღება კარისა თქვენცა მუნ მოდით სადაცა გესმას ზრიალი ზარისა

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხს შეპარვით შესვლისა და აღებისა

1374. ავთანდილ უთხრა ჰე ფრიდონ მოყვასნი ვერ გიჩივიან ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს არა წყლულნი გტკივიან სთათბირობ ძნელთა თათბირთა მტერთა ივაგლახივიან მაგრა თუ გესმის გუშაგნი რა ახლოახლო ყივიან

1375. რა გახვიოდე გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება გიგრძნობენ თოკსა მოჰკვეთენ ამისი ხამს დაჯერება წაგიხდეს ცუდად ყველაი დაგრჩეს ცუდიღა ფერება ეგე თათბირი არ ვარგა სხუაებრ ვქნათ თავის ტერება

1376. სჯობს დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა ქალაქს შემავალსა სავაჭროდა მოვეკაზმი ვიქ საქმესა მე მუხთალსა ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა ჯაჭვსა ხრმალსა

1377. სამთავე შესვლა არ ვარგა თუ გვიგრძნან არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები მალვით ჩავიცვამ აბჯარსა გავჩნდები გავეცრუები ღმერთმან ქნას უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები

1378. შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად კლიტეთა დავლეწ გავახვამ ნახოთ გაღება კარისად თუ რა სხუა გვიჯბს თქვენ ბრძანეთ ვარ მრჩევლად ამა პირისად

თათბირი ტარიელისა სამთაგანვე ციხის შესხდომა და აღება

1379. ტარიელ უთხრა მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა თქვენსა ძალგულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა პირობა ვიცი გწადს ომი ფიცხელი არ ცუდი ხრმალთა ღირობა კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს რა ომმან ქნას გაჭირობა

1380. მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა ხმა ესმას ჩემსა ხელმქმნელსა ზედა გარდმოდგეს მზე ვითა თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი უომრად მნახოს მე ვითა ესე მე დამსვრის ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა

1381. მაგრა თათბირსა ესე სჯობს ვქმნათ ჩემი მონახსენები გავიყოთ კაცი ასასი რა ღამე ჩნდეს ნათენები სამთავე სამგნით მივმართოთ ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები მოგვეგებვიან ვემცრობით ჩვენ ხრმალსა მივსცემთ მძლედ ნები

1382. ფიცხლად შევებნეთ შევსჯარნეთ ვერ მოგვასწრებენ კარებსა სამთაგან ერთი შევუვალთ სხუა გარეთ ვსცემდეთ გარებსა მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა ხელი კულავ ვჰხადოთ აბჯარსა მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა

1383. ფრიდონ უთხრა შემიგია გამიგია ვიცი მე რა მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობენ კარსა ვერა ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა თვარა ყოლა არ გიძღვნიდი ჩემი გითხრა სიძუნწე რა

1384. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა ამაზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა სიტყუაბრძენთა ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა მათთა მშვენთა გარდახდეს და დაეკაზმნეს უკეთესთა შესხდეს ცხენთა

1385. კულავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირმკვახები დაასკვნეს იგი თათბირი ტარიას განაზრახები გაიყვეს კაცი ასასი ყველაი გმირთა სახები ცხენებსა შესხდეს აიღეს მათ მათი ჩაბალახები

1386. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა ტარიელ შავსა ზედან ზის ტანითა მით წერწეტითა დალივნეს მტერნი ომითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა