... (Q-1369), 1823 წ.

1293. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი თქვენგან დანადები მადლსა სხუაებრ გარდავიხდი თუღა ფრიდონს შევეყრები აწ წაიღეთ ყველაკაი მეკობრეთა წანაღები ამის მეტსა ვერას მოგცემ ვიცი ამად გეძუნწები

1294. სახლი არ მახლავს არ ძალმაქვს გაცემა საბოძვარისა მისცა მართ სავსე ხომალდი რიცხვი ტურფათა ჯარისა უბრძანა წადით წაიღეთ გზა წავლეთ მისვე არისა ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან ძმადნაფიცარისა

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონს წინაშე

1295. დაწერა ფრიდონ მაღალო სვესრულო მეფეთმეფეო ლომისა მსგავსო ძალგულად მზეო შუქმოიეფეო მოვლენილო და მორჭმულო მტერთა სისხლისა მჩქეფეო უმცროსმან ძმამან შორიშორ სალამი დავიყეფეო

1296. ჭირი ვნახენ და მოცამხვდა ნაცვალი ჭირნახულისა კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედსახულისა დამარჩენელი ლომისა მის ქვესკნელს დამარხულისა

1297. იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს ქაჯეთს პატიმარია მუნ მისლვა მიჩანს თამაშად თუმცა გზა საომარია ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს ვარდი ნაწვიმარია ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან მაგრა სპა უამარია

1298. გულ მხიარული ვიხარებ ამად არ ცრემლი მმილდების სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების რაცა მოგინდეს უცილოდ იქმთ იგი არ აგცილდების არ თურემ კაცმან დაგიდგნას ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების

1299. აწ შემინდევ ვერა გნახე შორს ამისთვის წაგიარე გზაგზა ყოვნა აღარა მცალს პატიმრად ა იგი მთვარე ადრე მოვალთ მხიარულნი ჩვენი ნახვა გაიხარე ამის მეტი რაღა გკადრო ძმასა ძმურად მოეხმარე

1300. ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია ამოდ მმსახურეს თქვენიმცა გული ამათთვის სრულია ქება რად უნდა მას ვინცა თქვენთანა ხან დაზმულია მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს ესე ბრძენთაგან თქმულია

1301. ესე უსტარი დაწერა შეკრა და წაცახვია მან მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან შესთვალა ზეპირ რაცა ხმდა სრულად მართ ვითა გია მან მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან

1302. მონახა პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულმწუხარისა მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა

1303. ფატმან უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა იტყვიან მზეო რა გვიყავ დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა დაცაგვმარხეო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასვლა და ტარიელის შეყრა

1304. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა პირმხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა ხელგანპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა

1305. მოწურვილ იყო ზაფხული ქვეყნით ამოსლვა მწვანისა ვარდის ფურცლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა ეტლის ცვალება მზისაგან შეჯდომა საროსტანისა სულთქნა რა ნახა ყვავილი მან უნახავმან ხანისა

1306. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა მითვე ვარდისა დარითა უბრძანაგიჭვრეტ თვალითა გულტკბილად შემხედვარითა მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა

1307. რა მოეგონის მოყვარე სდინდიან ცრემლნი მწარენი ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი უდაბურნი და უგზონი უცხონი რამე არენი სადაცა ნახის დახოცის ლომვეფხნი მოშამბნარენი

1308. ქუაბნი გამოჩნდეს იამა იცნა თქუა იგი კლდენია სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია ღირს ვარმცა ვნახო პირისპირ უამბო რაცა მსმენია არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა ცუდ ჩემი განავლენია

1309. თუ მოსრულა უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა მხეცისაებრ ველთა ჰვლიდა სჯობს თუ შამბშამბ წავიარო იგონებდა იხედვიდა ესე თქუა და მიუქცია მინდორთაკე წამოვიდა

1310. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა მართ სახელდებით უყივის ხმითა მით სიხარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ დგას ხრმლითა მომახულითა