ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

XXXIII. ამბავი ნესტან დარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობისა, ფატმანისაგან მბობა ავთანდილთან.

1206. ვაი, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე, შენი ვერავინ ვერა სცნას, შენი სიმუხთლე სად არე; პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე? მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი, სად არე!

1207. ფატმან იტყვის: “მომეშორა მზე, მნათობი სრულად ხმელთა, სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა; მასუკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა!

1208. სახლი და შვილი მომძულდა, ვჯდი უგულოთა გულითა, მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის რულითა; უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა, ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

1209. დღესა ერთსა, საღამო-ჟამ, ჩასლვა იყო ოდეს მზისა, წავდეგ წინა დარაჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა; ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა; ვთქვი: “კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა!”

1210. მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყვსითა სამითა, მონა, მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა; სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა; ჰსმიდეს, სჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარული ამითა.

1211. მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი; სთქვეს: “ამოდ გავიხარენით, მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით, არც-არა ვიცით, ვინ ვინ ა, ანუ სით მოვიარენით; ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით.”

1212. მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმა დაგითესია; ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია:

1213. მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა; მათ მიჰხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა: მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა; აწ შვილთა მისთა და მისი ჰზრდის, უკეთესი მშობლისა.

1214. დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია; ვისაც არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია; აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული წოდია.

1215. გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვეზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა, _ ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა? როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ-ათასისა.

1216. როშაქ ჰბრძანა: “მოცავინმკლავს, მე ტირილსა არ დავხვდები, მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები; მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წაცავყვები.

1217. გვითხრა მისთა ხელისათა: “წავალ, თანა წამომყევით!” წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით. დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით; დია ქარავანი ვლეწეთ, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით.

1218. მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა, დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა; ვთქვით თუ, მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა! დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

1219. ზოგთა სთქვეს, არის ცისკარი; ზოგთა სთქვეს, არის მთვარეო; მას დარაზმულთა მივმართე, _ ახლოსაც ვნახეთ ბარეო _ შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო; მით ნათლიდაღმა გამოჰხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

1220. გვითხრა: “ვინ ხართ ცხენოსანნო! თქვენ სახელნი თქვენი სთქვენით; გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით! ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით, პირ-მზე რიმე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

1221. ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა; მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა; ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა; კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.

1222. კვლა ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა, არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა; როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა; აღარ გავუშვით, დაჭირვა ვკადრეთ ხელითა ჩვენითა.

1223. კვლავ ვკითხეთ: “გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა, ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?” მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა, რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!

1224. არცა-რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი, არა არ გვითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი; ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი, თავისა მკრძალავი, ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.