ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

1146. “მიველ მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე, მერმე უთხარ ,გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე, არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე. და ფიცი ფიცა საშინელი: “თავიცაო კლდეთა ვიცე!

1147. “რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის უთხრა სულიერსა, არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა? მერმე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა: და “მოდი, მომყევ, აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა,

1148. “ადგა, ამყვა და წავედით, შევლენით კარნი სრისანი; უსენ გაჰკვირდა, გაცაკართა, რა შუქნი ნახნა მზისანი; სთქვა: “რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი? და თუ ხორციელი არისცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!”

1149. “ვთქვი, თუ: “არც არა მე ვიცი ამისი ხორციელობა, რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა; და მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა, და ნუ–თუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ჰქმნას დიდი ლმობიერობა”.

1150. “მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალვისა; ვკადრეთ, თუ: “მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა, გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა, და რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მზგავსი ლალისა?”

1151. “რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა: ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა, გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა, და მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!

1152. “ვერა დავყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა: ვეფხვი-ავაზა პირ-ქუშად ჰზის, წყრომა ვერ უგრძენითა. კვლავცა ვაწყინეთ, – ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა, და “არა ვიციო, მიმიშვით!” ეს ოდენ გვითხრა ენითა.

1153. “დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ, რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ! ძლივს ვეაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ, და ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

1154. “უსენ იტყვის: “ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიჴოცნეს; ესე ღაწვნი მზისად კმარან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს! უმართლეა, ვერ მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს, და მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიჴოცნეს!”

1155. “მას უჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით. შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით. ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით, და გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.

1156. “რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდა ღამე დღენი, უსენ მითხრა: “არ მინახავს ძოღანდლიდგან მეფე ჩვენი. მივაზირებ, წავალ, ვნახავ, უდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი;” და მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!”

1157. “უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და ლალები. დავედრე: “დარბაზს დაგხვდების დარბაჰზის ერი მთრვალები; ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები”. და კვლავ შემომფიცა: “არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ჴმალები!”

1158. “უსენ მივიდა, ხელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი, უსენ არიფი მეფისა და მეფე მისი მდომელი, წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი, და აწ ნახეთ მთვრალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწრობელი.

1159. “რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი, კვლავ შეჰსვეს და კვლავ აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი. დაავიწყდეს იგი ფიცნი, – რა მუსაფნი, რა მაქანი! და მართლად თქმულა: “არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი”.

1160. “უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა: “დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა, მარგალიტსა დიდროანსა, უსახოსა ჰპოვებ ლალსა! და ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა”.

1161. “თაყვანი-ჰსცა უსენ, ჰკადრა: “ჰე მაღალო ხელმწიფეო, ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენალო არსთა, მზეო! რაცა სხვა მაქვს, ვისი არის, ოქრო თუნდა საჭურჭლეო? და დედის მუცლით რა გამომყვა, მბოძებია თქვენგან მეო.

1162. “ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა; სხვა რამე მყავსს სასძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა, მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ნახოთ მსგავსი მზისა, და მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა”.

1163. “რას ვაგრძელებდე, გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა, უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა. მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა, და უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ჰქმნა უსენის თქმულისა.

1164. “მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია. შემოსდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია, თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია, და მოვიდეს, დია გავკვირდი, ვთქვი რამე საქმე ზესია.

1165. “მისალამეს, ფატმან, მითხრეს ,ბრძანებაა მზისა სწორთა, დღეს რომელი უსენ შეჰსძღვნა ქალი, მზგავსი მზეთა ორთა, აწ მომგვარე, წავიყვანო ვლა არ გვინდა გზათა შორთა.” და ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.