ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

1126. “მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი, უჩვენე: “ხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი? ჩაეპარენით, ჩაედით, ჩქარად ნუ მიხვალთ მხლტომელნი, და მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მდომელნი.

1127. “თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და დაჰჴოცენით, მოიყვანეთ ისი მთვარე, გაჰხდი კარგად, ეცადენით.” ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით, და დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

1128. “მე სარკმელთა გარდავადეგ; რა შევიგენ, არ მოჰყიდეს, შევუზახენ: “დაჰჴოცენით!” დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს; იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს; და ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის-პირს ხანსა არ დაჰზმიდეს.

1129. “რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა! ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა; ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ჰქმნა ნახაზობა! და მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა!”

1130. ესე სიტყვა დაასრულნა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი; ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოჰყარნა ცრემლნი ცხელნი; ერთმან ერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი, – და ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

1131. მოიტირეს, ყმამან უთხრა: “ნუღარ გასწყვედ, გაასრულე”. ფატმან იტყვის: “მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე, გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, და ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.

1132. “ვკადრე: “მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა? იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ – პატრონი ცისა ხომთა?” მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა, და ას ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა.

1133. “რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა, გულ ამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა; ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა; და მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.

1134. “მითხრა: “შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, რას აქნევ ჩემსა ამბავსა? ზღაპარი არის ყბედისა, – ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა, და თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა”.

1135. “ვჰსთქვი, უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა, მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა; ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა, და რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა.”

1136. “ავიყვანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი; სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი, ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი. და ცრემლსაჰსეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოჰქრის ბუქი.

1137. “მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით, მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით, არ-ვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით, და ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი, ვნახი ხალვით.

1138. “ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა, დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა! შევეხვეწი,დადუმდიო, – წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა; და აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მევა!

1139. “შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, შიგან მელნისა მორევსა ეყარის გიშრის შუბები, მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები, და შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.

1140. “ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან, თუმცა მეკითხა,ვინა ხარ, ეგრე გასრული რისაგან, – მჩქებრად სისხლისა ნაკადი მოჰსდის ალვისა ხისაგან, – და მას ხორციელი ვით გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!

1141. “არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი მისი სასთუნალად მიიდვის და მიწვის მითა, და ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

1142. “სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა: ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა, მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა, – და სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა.

1143. “მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაჰყო ხანი დიდი; ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი; ვთქვი: “თუ უთხრა, გამამჟღავნებს, დარბაზს მივა ისი ფლიდი”. და ესე მეყო საგონებლად, კვლვ შევიდი,კვლავ გავიდი.

1144. “ვჰსთქვი: “თუ არ უთხრა, რა ვუყო, ჩემგან რა მოეგვარების? არცარა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების; ქმარი რა მიგრძნობს, მოცამკლავს, ვერღარა მომეფარების; და ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების!

1145. “მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა; მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა; არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა, და სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა.