ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

XXVVI. აქა ავთანდილისაგან ჩანჩაგირისა და ორის მისის დარაჯის დახოცვა.

1108. იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა, ხელ სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა; ვერღა აესწრა, იდუმალ მოკლა, თუ ვერცა ვსცანითა, და ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაჰკლა დანითა.

1109. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია. ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელთ მიწასა გარია, ზღვათაკე სარკმლით გასტყორცა, ზღვასა ქვიშათა დარია, და მისთვის არცა სად სამარე, არცა სათხარად ბარი-ა.

1110. ხმა მათისა დაჴოცისა არ გაისმა არსით არა; წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა. ესე მიკვირს, სისხლი მისი ასრე ვითა მოიპარა, და რომე პირველ წამოევლო, გზა იგივე წაიარა.

1111. “რა ფატმანისას შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი; უბრძანა: “მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი, თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი, და აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.

1112. “აწ მითხრა: თუ რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად? რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის მეტად”. ფატმან ფერხთა მოეხვივა: “არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად, და გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად.

1113. “მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით; ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით! ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრასა დაექადენით, და თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით”.

XXXII. ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ფატმანისაგან ათანდილის წინაშე.

1114. ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა, არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა; ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა,ლამაზობასა, და დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა დარბაზობასა.

1115. “ჩვენ, დიდ ვაჭართა, ზედა გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა, მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა; ათ დღემდის ისმის ყოველგან ხმა წინწილისა, ებნისა, და მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.

1116. “ქმარი ჩემი დიდ ვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა, მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა; დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით; მდიდარი თუ გლახა ვინ ა, და დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.

1117. “დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვძღვენით; ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით ავივსენით; ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით, და კვლავ დავსხედით გახარებად, მუნებურნი არ ვიყვენით.

1118. “ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა ჰე ჟამსა, გავიტანე ხათუნები, მათი ჭმევა ჩემგან ხამსა; მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა, და ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე თმასა.

1119. “იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი, მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი, მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი, და კვლავ დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.

1120. “ვაჭრის ცოლთა მხიარულმან ვუმასპინძლე ამოდურად, სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად; რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად, – და მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

1121. “უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქცივე პირი გზასა, ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა; შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა, და მფრინველად ვჰსთქვი, ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა!

1122. “მე შორიდამ, ვერათ ვიცან, მომეახლა, იყო ნავი, – ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი; იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი, და გამოვიდეს, გამიკვირდა იგი უცხო საჰნახავი.

1123. “გამოჰზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა, მიიხედეს, მოიხედეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინა; ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა; და მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ-ღებული ვიყავ შინა.

1124. “მით ნავიდაღმე მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა, ახადეს, ქალი გარდმოჰხდა უცხოთა რამე ტანითა, თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა, – და მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.

1125. “რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა, ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ზესთა ზესა; დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა, და უკმოვიხარჩ კარი ჩემკენ, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.