... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

1058. თქვენებრთა საბატიოთა: მათ მართებს გამოსვენება჻ დამყენებელთა უბრძანებს: მართებდეს ვის დაყენება჻ აწ იგი აქა არ არის: რას მარგებს მისი ჴსენება჻ გამოგება და წაყვანა: მას მართებს თქვენი ქენება჻

1059. ფატმან ხათუნ შინა არის: ხათუნი და ცოლი მისი჻ პურად კარგი მასპინძელი: საყვარელი არ თუ მქისი჻ მას ვაცნობო მოსვლა თქვენი: წაგიყვანოს ვითა თვისი჻ წინა კაცსა მოგაგებებს: ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი჻

1060. ავთანდილ უთხრა წადიო: აგრე ჰქენ რაცა გწადიან჻ მებაღე მირბის იხარებს ოფლი მკერდამდის ჩადიან჻ ხათუნსა უთხრა ამბავი: მე ესე დამიქადიან჻ ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა: შუქნი მზედ გაიცადიან჻

1061. ვაჭარი ვინმე პატრონი: არს ქარავნისა დიდისა჻ საროსა მსგავსი ნაზარდი: და მთვარე დღისა შვიდისა჻ შვენის ჯუბა და მოხვევნა: ძოწეულისა რიდისა჻ მე მიჴმო მკითხა ამბავი: და ნირი ლართა სყიდისა჻

1062. ფატმან ხათუნს გაეხარნეს: გააგება მონა ათი჻ მოუკაზმეს ქარვანსრანი: დააყენა ბარგი მათი჻ შემოვიდა ღაწვი ვარდი: ბროლ ბალახში მინა სათი჻ მისთა მჭვრეტთა დაუსახეს: ვეფხსა ტოტი ლომსა თათი჻

1063. ზარი გაჴდა შემოაკრბეს: ქალაქისა ერნი სრულად჻ იქით აქათ იჯრებოდეს: უჭვრიტოთო ამას სრულად჻ ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს: ზოგნი იყვნეს სულ წასულად჻ მათთა ცოლთა მოიძულვეს: ქმარნი დარჩეს გაბასრულად჻

ავთანდილისაგან ფატმანის ალაგში მისვლა ფატმანის მიგებება და სიხარული჻

1064. ფატმან ცოლი უსენისა: გაეგება კართა წინა჻ მხიარულად უსალამა: სიხარული დაიჩინა჻ ერთმანერთი მოიკითხეს: შევიდეს და დასხდეს შინა჻ ფატმან ხათუნს მოსვლვა მისი: შევითვატყე არ ეწყინა჻

1065. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე: არ ყმაწვილი მაგრა მზმელი჻ ნაკვთად კარგი შავ გრემანი: პირ მსუქანი არ პირჴმელი჻ მუტრიბთა და მომღერალთა: მოყვარული ღვინის მსმელი჻ დია ედვა სასალუქო: დასაბურავ ჩასაცმელი჻

1066. მას ღამესა ფატმან ხათუნ: უმასპინძლა მეტად კარგა჻ ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა: მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა჻ ფატმანს მისი მასპინძლობა: უღირს ღ~თო არ დაკარგა჻ სვეს და ჭამეს დასაწოლად: ყმა გავიდა ღამით გარ გა჻

1067. დილასა ლარი ყველაი: უჩვენა გაახსნევინა჻ ტურფანი სეფედ გარდასხეს: ფასიცა დაათულევინა჻ ვაჭართა უთხრეს წაიღეთ: აჰკიდა გააწევინა჻ თქუა ვითა გინდა ვაჭრობდით: ნუ გაამჟღავნებთ მე ვინა჻

1068. ყმა ვაჭრულად იმოსების: არ ჩაიცვამს არას მისსა჻ ზოგჯერ უჴმის ფატმან მისსა: ზოგჯერ იყჳს ფატმანისსა჻ ერთგან სხდიან უბნობდიან: საუბარსა არა მქისსა჻ ფატმანს ჰკულიდა უმისობა: რამინისა ვითა ვისსა჻

ფათმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგზავნა჻

1069. სჯობს სიშორე დიაცისა: ვისგან ვითა დაითმობის჻ გილიზღებს და შეგიკვეთებს: მიგინდობს და მოგენდობის჻ მართ ანაზდად გიღალატებს: გაჰკვეთეს რაცა დაესობის჻ მით დიაცსა სამალავი: არასთანა არ ეთხრობის჻

1070. ფატმან ხათუნს ავთანდილის: გულსა ნდომა შეუვიდა჻ სიყუარული მეტის მეტი: მაემატა ცეცხლებრ სწვიდა჻ დამალვასა ეცდებოდა: მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა჻ იტყჳს რა ვჰქნა რა მერგების: აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა჻

1071. მიღმა უთხრა ვაი თუ გასწყრეს: შეხედვაცა დამიძვირდეს჻ თუ არა ვთქუა გავსძლებ ცეცხლი: არა უფრო გამიხშირდეს჻ ვჰთქუა და მოვჰკუდე ანუ დავრჩე: ერთი რამე გამიპირდეს჻ მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს: თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს჻

1072. დაწერა წიგნი საბრალო: მის ყმისა მისართმეველი჻ მისისა მიჯნურობისა: მისთა პატიჟთა მცნეველი჻ მისთა მსმენელთა გულისა: შემძრველი შემარხეველი჻ უსტარი შესანახავი: არ ცუდად დასახეველი჻

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი჻

1073. ჱე მზეო ღ~თსა ვინადგან: მზედ სწადდი დასაბადებლად჻ მით შენგან მოშორვებულთა: ლხინად არ ჭირთა მწადებლად჻ ახლოს შემყრელთა დამწველად: მათგან ცეცხლისა მადებლად჻ მნათობთა შენი შეხედვა: ტკბილად უჩნს დასაქადებლად჻

1074. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი: შენთვის საბრალოდ ბნდებიან჻ ვარდი ხარ მიკჳრს ბულბულნი: რად არა შენზედ კრფებიან჻ შენი შვენება ყუავილთა აჭკნობს: და ჩემნიც ჭკნებიან჻ სრულად დამწვარვარ თუ მზისა: შუქნი არ მამესწრებიან჻