... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

1039. ღ~თნ სულსა ეგოდენსა: თქუენ გათნივა სისხლი თქვენი჻ მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი: თავით ჩემით რამცა ვჰქენი჻ აწ დავჴოცენ მტერნი თქუენნი: გავასრულე რაცა ვჰთქვენი჻ ნავი სრულად საქონლითა: მამიღია ვითა ძღვენი჻

1040. ამოა კარგსა მოყმესა: რა ომი გაჰმარჯვებოდეს჻ ამხანაგთათვის ეჯობნოს: ვინცა მას თანა ხლებოდეს჻ მიულოცვიდენ აქებდენ: მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს჻ შვენოდეს დაკოდილობა: ცოტაი რამე ვნებოდეს჻

1041. იგი ნავი მეკობრეთა: მას დღე ნახეს არა ხვალეს჻ მუნ დებულთა საჭურჭლეთა: ამარიმცა ვით დათვალეს჻ მათსა ნავსა გარდმოიღეს: ნავი სრულად გარდმოსცალეს჻ დალეწეს და ზოგი დაწვეს: შეშა დრამად არ გაცვალეს჻

1042. ავთანდილს უსამ მოართვა: ვაჭართა შემოთვლილობა჻ შენგან ვართ გამაგრებულნი: ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა჻ რაცა გვაქვს იგი შენია: ამას არ უნდა ცილობა჻ რასაცა მოგვცემ გვიბოძე: გვიქნია აქა ყრილობა჻

1043. ყმამან შესთვალა: ჰე ძმანო: წეღანცა მოგისმენია჻ ღ~თსა შეესმა ნაკადი: რაცა თქუენ თვალთა გდენია჻ მან დაგარჩინნა მე რა ვარ: მე გლახ რა მამილხენია჻ რა გინდა მამცეთ რას ვაქნევ: მე ვარ და ჩემი ცხენია჻

1044. მე თუცა რაცა მინდოდა: საჭურჭლე დასადებელი჻ ჩემსაცა მქონდა ურიცხვი: უსახო ლარ საგებელი჻ რას ვაქნევ თქვენსა რასგინდა: ოდენ ვარ თქვენი მხლებელი჻ სხვაგან რამე მიც სხვა საქმე: თავისა წასაგებელი჻

1045. აწე რაცა აქა ვიშოვე: საჭურჭლე დაუთვალავი჻ რაცა ვის გინდა წაიღეთ: არვისი ვიყო მლალავი჻ ერთსა ვიაჯი მიაჯეთ: სააჯო არ საკრძალავი჻ საქმე რამე მიც თქუენშია: თავისა დასამალავი჻

1046. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყჳთ: არ თქუენსა პატრონობასა჻ თვით თავადია ჩვენი თქუა: ნუ მიჴმობთ ჭაბუკობასა჻ მე სავაჭროსა ჩავიცვამ: დავიწყებ ჩუბაჩობასა჻ თქუენ შემინახეთ ნამუსი: თქუენსა და ჩემსა ძმობასა჻

1047. ესე საქმე ქარავანსა: გაეხარნეს მეტად დია჻ მოვიდეს და თაყუანისცეს: ჰკადრეს ჩვენი იმედია჻ რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა: იგი თქვენვე გიაჯია჻ მას ვმსახუროთ ვისი პირი: მზისა პირად გაგვიცდია჻

1048. მუნით წავიდეს იარეს: არ თურე ხანსა ზმიდიან჻ მიხვდეს ტაროსსა ამოსა: ნიადაგ ამოდ ვლიდიან჻ შეჰფრფინვიდიან ავთანდილს: ქებასა შეასხმიდიან჻ მას მარგალიტსა მას ყმასა: კბილთა ფერსა სძღვნიდიან჻

ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა ზღვის პირს რომ გავიდა჻

1049. ზღვა გაიარა ავთანდილ: მივა ტანითა მჭევრითა჻ ნახეს ქალაქი მოცული: გარე ბაღისა ტევრითა჻ გვარად უცხონი ყუავილნი: ფერითა ბევრის ბევრითა჻ მის ქუეყანისა სიტურფე: რა გაიგონო შენ რითა჻

1050. მათ ბაღთა პირსა დააბეს: ნავი საბლითა სამითა჻ ავთანდილ ტანსა ჯუბანი: ჩაიცვა დაჯდა სკამითა჻ მოასხეს კაცნი მზიდავნი: დამზადებულნი დრამითა჻ იგი ყმა ვაჭრობს თავადობს: და თავს მალავს ამითა჻

1051. მოვიდა მისი მებაღე: ბაღსა იახლნეს რომელსა჻ მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით: პირსა ელვათა მკრთომელსა჻ ავთანდილ უჴმო ეუბნა: კაცსა არ სიტყვა მცთომელსა჻ ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქჳან: მეფესა აქა მჯდომელსა჻

1052. წვრილად მითხარ ყველაკაი: ყმა მას კაცსა ეუბნების჻ რა ლარია უფრო ძვირად: ან იეფად რა იხსნების჻ ჰკადრა ვხედავ პირი შენი: მზისა პირად მე მეცნების჻ რაცა ვიცი მართლად გკადრებ: მრუდი არა არ გემცნების჻

1053. ესეა ზღვათა სამეფო: თვისა ათისა სავლითა჻ თვით გულანშაროს ქალაქი: სავსე ტურფითა მრავლითა჻ აქ ძეს ტურფა ყველაი: ზღვა ზღვა ნავითა მავლითა჻ მელიქ სურხავი ჴელმწიფობს: სავსე სვითა და დავლითა჻

1054. აქა მოსულითა გაყმდების: კაცი თუც იყო ბერები჻ სმა გახარება თამაში: ნიადაგ არს სიმღერები჻ ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს: ყვავილი ფერად ფერები჻ ვინცა გვიცნობენ გვნატრიან: იგინცა ვინა მტერები჻

1055. დიდ ვაჭარნი სარგებელსა: ამისებრსა ვერ ჰპოებენ჻ იყიდიან გაჰყიდიან: მოიგებენ წააგებენ჻ გლახა თვე ერთ გამდიდრდების: სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრეფენ჻ უქონელნი წელიწდამდის: საქონელსა დაიდებენ჻

1056. მე ვარ მებაღე უსენის: ვაჭართა უხუცესისა჻ ესეცა გკადრო ამბავი: საქმე მისისა წესისა჻ თვით ესე ბაღი მისია: თქვენი სადგომი დღესისა჻ პირველ მას ჰმართებს ჩვენება: ყოვლისა უტურფესისა჻

1057. რა შემოვლენ დიდ ვაჭარნი: მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან჻ უჩვენებენ რაც ჰქონდეს: სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან჻ უტურფესა სეფედ დასხმენ: ფასსა მუნვე დაუთვლიან჻ მათ მაშინვე ააზატებს: ვითა სწადდეს და ჰყიდიან჻